ახმეტაში მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
17 სექტემბერს 10:30 საათზე, ქალაქ ახმეტის კულტურის სახლის დარბაზში, ჩატარდება ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროექტის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას წარმოადგენს კომპანია ,,სტუდია 21”, რომელმაც პროექტის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა.
ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა, მოიცავს თუშეთის სოფლების განვითარების და განაშენიანების გეგმას.
დოკუმენტის მიხედვით, 10 სოფელში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. პროექტის ავტორი, არქიტექტორი გია აბულაძე განმარტავს, რომ სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმაში გაწერილია სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, საზღვრების დაცვის, კულტურის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით თუშეთის სოფლების განვითარების ხედვა.
გია აბულაძე ფიქრობს, რომ გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება მოსახლეობის მთაში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.