პანკისში დაცვის პოლიციისთვის დროებით თავშესაფარი მოეწყო
პანკისის ხეობაში, სოფელ ძიბახევთან, სადაც სამი დღის წინ ადგილობრივები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაცვის პოლიციის წარმომადგენლებისთვის დროებით თავშესაფარი მოეწყო.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯიხურები, რომლებიც დღეს დილით განთავსდა, მხოლოდ დაცვის პოლიციის თანამშრომლებისთვის იქნება განკუთვნილი, რათა უამინდობის დროს წვიმას თავი შეაფარონ.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივები და სამართალდამცველები ერთმანეთს რიგით მესამე ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების გამო დაუპირისპირდნენ. შეტაკების შედეგად დაშავდა დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის – 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს შსს-ს მანქანები და სპეციალური ტექნიკა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ სამართალდამცავები და ადგილობრივები.
ნიკოლოზ ესიტაშვილი