ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

როგორ გამოიყურება ,,პოლიტბიუროს” შენობა თელავში

ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, წლებია  თელავში საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ისტორიებს სწავლობს.

მისი თქმით, საბჭოთა რეპრესიებს თელავში ბევრი პატრიოტი შეეწირა. მაშინ მოქალაქეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დამნაშავეებად და ქვეყნის მტრებად აცხადებდნენ, დასახვრეტთა სიაში შეყავდათ და თელავში, მაშინდელი ,,პოლიტბიუროს” შენობაში ასამართლებდნენ. ნაწილს იმ შენობაში არსებულ საკნებში ხვრეტდნენ, ნაწილს კი გიგოს გორაზე.

 

 

თენგიზ სიმაშვილი ამ მიმართულებით სხვადასხვა დოკუმენტაციას იძიებს და საერთო სურათის დასახატად იკვლევს ძველ საბუთებს, ფოტოებს და არქივიდან სხვადასხვა დოკუმენტებს, იმის გასაგებად, თუ რა გავლენა იქონია მაშინდელმა ტრაგიკულმა პერიოდმა ქვეყანასა და კონკრეტულად თელავსა და თელაველებზე.

,,1920-30 იან წლები საკმაოდ ტრაგიკული პერიოდი იყო თელავის მცხოვრებლებისთვის, რადგანაც უხუცეს თელაველებს ახსოვთ 1924 წლის სექტემბერი. მაშინ კახეთის მაზრაში, აგვისტოს შეიარაღებული გამოსვლების მონაწილე უამრავი ადამიანი საქართველოს ჩეკას ადგილობრივმა ორგანომ, ე.წ. პოლიტბიურომ დააპატიმრა და დახვრიტა, რომელთა ისტორიაც შთამომავლობას ლეგენდებად შემორჩა”- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.

მისივე თქმით, საბჭოთა ხელისუფლების ,,პოლიტბიუროს” შენობა პირვანდელი სახით მხოლოდ თელავშია შემორჩენილი. შენობაში არსებულ საკნებში ახლაც იხილავთ პატიმრების მიერ დატოვებულ წარწერებს.