საბჭოთა რეჟიმის მიერ თელავში დახვრეტილი ადამიანების ისტორია
1920-30-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების რეპრესიებს თელავში ბევრი პატრიოტი შეეწირა. მაშინ მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დამნაშავეებად და ქვეყნის მტრებად რაცხავდნენ, დასახვრეტთა სიაში შეყავდა და თელავში, გიგოს გორაზე ხვრეტდნენ.
მაშინ ამ საკითხზე არავინ ლაპარაკობდა, თუმცა ყველამ იცოდა უდანაშაულო ადამიანების ისტორია, რომლებიც გმირები გახდნენ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავი გაწირეს.
ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპული თელაველების ისტორიას წლებია სწავლობს.
იგი ამ მიმართულებით სხვადასხვა დოკუმენტაციას იძიებს და საერთო სურათის დასახატად იკვლევს ძველ საბუთებს, ფოტოებს და არქივიდან სხვადასხვა დოკუმენტებს, იმის გასაგებად, თუ რა გავლენა იქონია მაშინდელმა ტრაგიკულმა პერიოდმა ქვეყანასა და კონკრეტულად თელავსა და თელაველებზე.
,,1920-30 იან წლები საკმაოდ ტრაგიკული პერიოდი იყო თელავის მცხოვრებლებისთვის, რადგანაც უხუცეს თელაველებს ახსოვთ 1924 წლის სექტემბერი. მაშინ კახეთის მაზრაში, აგვისტოს შეიარაღებული გამოსვლების მონაწილე უამრავი ადამიანი საქართველოს ჩეკას ადგილობრივმა ორგანომ, ე.წ. პოლიტბიურომ დააპატიმრა და დახვრიტა, რომელთა ისტორიაც შთამომავლობას ლეგენდებად შემორჩა”- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.
მისივე თქმით, თელავს განსაკუთრებით 5 სქტემბრის ტრაგედია დაამახსოვრდა. 1924 წელს აზნაური საშა გამყრელიძეს ქორწილი ჰქონდა. თელავის მაზრის პოლიტბიუროს თანამშრომლებმა კი ქორწილში მისული მამაკაცები დააპატიმრეს და დახვრიტეს.
სიმაშვილი ამბობს, რომ თელავში ეს ამბავი ,,სისხლიანი ქორწილის’’ სახელით არის ცნობილი. იგი განმარტავს, რომ 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასტიკი რეპრესიები დაიწყო, მათ შორის თელავშიც, სადაც აჯანყებულების აქტიური გამოსვლები არც ყოფილა. ხალხს გიგოს გორაზე უსწორდებოდნენ.
,, ამ ისტორიას ბევრი გმირი ყავს. მაგალითად: ახალგაზრდა კომკავშირელი საშა ჯორჯაძე, რომელიც კომკავშირში იარაღის ხათრით შესულა. პოლიტბიუროს შენობაში მორიგედ მდგარმა გაიგო, რომ 1924 წლის სექტემბრის დასაწყისში მამამისი დააპატიმრეს და დასახვრეტთა სიაში შეიყვანეს.
მან მაშინ თელავის პოლიტბიუროს შენობაში მყოფ მილიციის უფროს ჯაფარიძეს სთხოვა მამამისი არ დაეხვრიტათ, მაგრამ მან უპასუხა რომ თუ არ გაჩერდები შენი ხელით დაგახვრეტინებ მამაშენსო. ამის შემდეგ ჯორჯაძეს უსვრია ჯაფარიძესთვის. მილიციის უფროსი დაიჭრა და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ამის გამო, ჩეკისტებმა და სადარაჯოზე მდგარმა ჯარისკაცებმა საშა და მამამისი ვლადიმერ ჯორჯაძე ხმლებით აჩეხეს. მათან ერთად რამდენიმე სხვა თელაველიც გამოასალმეს სიცოცხლეს. ამის შესახებ ჩვენ უამრავი დოკუმენტი მოგვეპოვება.
ასევე ხელთ გვაქვს დახვრეტილ მოქალაქეთა სიები, რომელთა შორისაც იყო რეზო ყარალაშვილი, 1923 წელს 20 მაისს სამხედრო ცენტრის წევრობის ბრალდებით დახვრეტილი ფარნაოზ ყარალაშვილის მამა. ასევე ნიკოლოზ რაზმაძე იურისტი, ვლადიმერ ჩიჩუა და სხვა ქართველი მამულიშვილები, თელაველები. მათი ნაწილი პოლიტბიუროს შენობის მეორე და მესამე სართულზე იყვნენ დახვრეტილი, ხოლო გარკვეული ნაწილი კი გიგოს გორაზე”,- აცხადებს თენგიზ სიმაშვილი.
იგი ასევე 1937-38 წლების რეპრესიებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას ხელთ აქვს სხვადასხვა საარქივო მასალა და ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს და ნათელს ფენს მაშინ გიგოს გორაზე დახვრეტილი ადამიანების ისტორიას.
თენგიზ სიმაშვილი მოპოვებული მასალების გაერთიანებას და ერთ წიგნად გამოცემას გეგმავს. მისი თქმით, წიგნის გარდა, ასევე უახლოეს პერიოდში დაიწყება დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე მუშაობა.
,,მე ხელთ მაქვს საარქივო მასალა, შსს-ს არქივში ჩემს მიერ მოძიებული მასალები საქართველოს ეროვნულ არქივის ახალი და უახლესი ისტორიის ფონდებიდან, თელავის არქივიდან, თელავის მუზეუმიდან .
ასევე გამოვიყენე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მოძიებული დოკუმენტები. გარდა ამისა, წარმოვადგინე ნივთიერი მტკიცებულებები, მასრები, გასროლილი ტყვიის თავები და ადამიანის ნეშთის ფოტოები, რომელიც გიგოს გორაზე ვნახეთ.
ჩემი აქტიურობით რეალურად ხდება იმ მიჩუმათებული თემის, თელავში 1924-37- 38 წლებში არსებული რეპრესიების წინ წამოწევა. ჩემი სურვილია, რომ გამოიცეს ლიტერატურა, დოკუმენტური მასალები და კვლევა. ასევე ვწერ წიგნს და სამეცნიერო ნაშრომს ამ თემაზე.
გარდა ამისა, უკვე შსს-ს არქივში არის დაწყებული მუშაობა ფილმის გადაღებაზე, გიგოს გორის დახვრეტებთან დაკავშირებით. ფილმის სცენარი უკვე დაწერილია. რეჟისორი იქნება სხვადასხვა დოკუმენტური ფილმების ავტორი მიხეილ ბერინაშვილი. ფილმში ასახული იქნება თელაველების ტრაგიკული ისტორია.
უამრავი მასალა მოგვეძიება როგორც მემოარული, ასევე საარქივო და სხვადასხვა ნივთმტკიცებების სახით, რაც ადასტურებს, რომ თელავში არსებული ეს გიგოს გორა თავის წიაღში ინახავს უამრავ თელაველს, ვინც საბჭოთა რეპრესიების დროს იქნენ დახვრეტილი. ‘’
1920-1930-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს ყველაზე რთულ პერიოდად აფასებენ ადგილობრივები.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი სოფიო არსენიშვილი განმარტავს, რომ რეპრესიული საბჭოთა პოლიტიკის და წითელი ტერორის კვალს თელავში ახლაც იპოვნით.
მისი თქმით, ქალაქში არსებული სახლები, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურაშია მოხსენიებული, დღესაც ინახავს კონკრეტული ოჯახების და ადამიანების ტრაგიკულ ისტორიას.
,, გიგოს გორა არის ადგილი, რომელიც არის სისხლიანი რეპრესიების სიმბოლო. ჩვენ ეს ისტორიები მოვისმინეთ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ბევრი თელაველის სახელი გაცოცხლდა. ცნობილი სახლი და ,,სისხლიანი ქორწილი“ რომელიც ასევე არის ნახსენები მამიდაჩემის, ზაირა არსენიშვილის წიგნში, იმ სახლის გვერდით ვცხოვრობ მე. ეს არის ჩვენი ახლო წარსული, რომელიც უნდა ვიცოდეთ”,-აცხადებს სოფიო არსენიშვილი.
თელაველების ინფორმაციით, მემორიალური ტურიზმის განვითარების თავალსაზრისით თელავს დიდი პოტენციალი აქვს.
,,თენგიზ სიმაშვილმა წარმოადგინა იმ წლების და რეპრესიების შესახებ მასალა, რომელიც უკავშირდება ჩვენს ისტორიას, ქალაქს და გიგოს გორას. ასეთი მძიმე ისტორიები და ფაქტები ბევრია.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორიისთვის და მემორიალური ტურიზმის განვითარებისათვის, იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა ასეთი მიმართულებით ქმნის მოსანახულებლად საინტერესო ადგილებს.
თენგიზ სიმაშვილი იკვლევს თელავის ისტორიას და ამ ინფორმაციას სჭირდება ერთ სივრცეში, მაგალითად მუზეუმში გაერთიანება. საზოგადოებამ, ხელისუფლებამ და ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს მას, რომ ეს ისტორია შემოინახოს მომავალი თაობებისთვის’’,- აცხადებს თელავის უნივერსიტეტის პროფესორი ნელი ცქიტიშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი ისტორიული წარსულის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
,,30-იანი წლების რეპრესიები არის ჩვენი ისტორია და შემადგენელი ნაწილი საზოგადოების გარკვეული თაობისა, რომელიც ორ ნაწილად იყო გაყოფილი-მსხვერპლად და ჯალათად. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ცოდნის მიღება, რომ გავიაზროთ ჩვენი წარსული და საზოგადოებამ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვას.
ეს რეალურად არის თითქმის გუშინწინდელი დღე და ჩვენი ბებიების, პაპების და მშობლების ძალიან მძიმე ცხოვრება. ჩვენი ქალაქის ისტორია ძალიან მდიდარია. ეს წლები კი ძალიან მნიშვნელოვანია და დატვირთული სხვადასხვა ფაქტები.
გარდა ამისა, ეს ტურისტულად და ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გაიგოს ეს ისტორიები”,-ამბობს ფიქრია ყუშიტაშვილი.