თელავში ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნება
უახლოეს პერიოდში, თელავში ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნება. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს 1 ჰექტარი მიწის რეგისტრაცია, სადაც სამომავლოდ დაგეგმილია თავშესაფრის აშენება. უწყებაში knews.ge-ს განუცხადეს, რომ პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე არ დაწყებულა.
,,ამ ეტაპზე პროექტი ჯერ არ დაწყებულა. მუნიციპალიტეტს გადმოეცემა მიწა, შემდეგ მოხდება პროექტის მომზადება და ტენდერის გამოცხადება”,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავშესაფრის გახსნას მოსახლეობა წლებია ითხოვს, მათი თქმით, ძაღლების სიმრავლის გამო, ქუჩასა და ეზოებში ბავშვების გამოშვების ეშინიათ. ამის პარალელურად გაზრდილია ცხოველების მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტებიც.
მოსახლეობა განმარტავს, რომ პრობლემას გარდა ცხოველების უკონტროლო გამრავლებისა, ასევე ქმნის ცხოველების მიმართ ადამიანების დამოკიდებულება, რომლებიც ძაღლებს უპატრონოდ ქუჩაში ტოვებენ.