კახეთში კორონავირუსის 23 შემთხვევაა გამოვლენილი
კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანსა და ლაგოდეხში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამჟამად კახეთშია სამი კლასტერია – ლაგოდეხის, ველისციხის და მატნის.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის 11 შემთხვევა სოფელ მატანში, 5 ლაგოდეხში, 7 კი ველისციხეში გამოვლინდა.
დაინფიცირებული პირებიდან ერთი ორსული და ხუთი მცირეწლოვანია.
,,ორი დღის წინ ლაგოდეხში დაფიქსირდა კორონავირუსის ერთი შემთხვევა, რომელიც აჭარიდან იყო შემოტანილი. აღნიშნული მამაკაცის კონტაქტები იქნა მოძიებული და მისი ოჯახის ოთხ წევრს, მეუღლეს, ორ შვილს და ბაბუას კორონავირუსი დაუდგინდა.
ეს კონტაქტები ასევე ნამყოფი არიან აჭარაში და აქ ფართო გავრცელებას არ ველოდებით. ლაგოდეხში სულ ხუთი შემთხვევა გვაქვს.
მეორე არის ველისციხის კლასტერი. აქაც გვქონდა ორი დადასტურებული შემთხვევა, მათი კონტაქტებიდან 35 ნიმუში იქნა გაგზავნილი საკვლევად და მათგან ხუთის შემთხვევაში მივიღეთ დადებითი პასუხი. ისენი ერთი ოჯახის წერები არიან და მათ შორის არის სამი მცირეწლოვანი ბავშვი. სულ ველისციხეში დაფიქსირებულია შვიდი შემთხვევა.
მესამეა სოფელ მატნის კლასტერი, რომელიც გორში ჩატარებულ ქორწილთან არის დაკავშირებული. ეპიდკვლევით ირკვევა, რომ ეს შემთხვევებიც დაკავშიებულია აჭარასთან. ამ ქორწილში სტუმრად 120 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან მატნიდან 30 სტუმარი იყო. ამ დროისთვის 11 დადასტურებული შემთხვევაა. ნიმუშების აღება და კვლევისთვის გაგზავნა გრძელდება.
წუხელ მოვიდა ეს პასუხები და მაშინვე ცენტრალურ შტაბთან შეთანხმებით, ადგილობრივმა კახეთის შტაბმა, მივიღეთ გადაწყვეტილება სოფელ მატანში შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესახებ. იქ მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება და თერმოსკრინინგი.
ყველა ადამიანს, რომელიც შევა ან გავა სოფლიდან ჩაუტარდება ტესტირება. ამ შემთხვევაში ვირუსი ძირითადად შემოტანილია გორიდან და 2 ადგილობრივი გავრცელება გვაქვს’’,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.
,,სიტუაცია აბსოლუტიურად კონტროლირებადია. ყველა პირი გადაყვანილია თბილისში და მცხეთის კლინიკებში. ერთი პაციენტი ყველაზე მძიმეა. მას ველისციხეში დაუფიქსირდა კორონავირუსი.
ამ დროისთვის ჩვენ არ ვიცით ვინ ვისი კონტაქტია. ძირითადად ყველა ერთმანეთის კონტაქტები არიან. მაგრამ ვინ არის პირველწყარო ცოტა ძნელი დასადგენია.’’