ახმეტაში დაინფიცირებული ქალის 19 კონტაქტის გამოკვლევის პასუხი დღეს გახდება ცნობილი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალის კონტაქტების ბიოლოგიური ნიმუშების პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
ინფიცირებულ ქალს, რომელიც სოფელ აწყურში საკუთარ სახლში, თბილისიდან დროებით იმყოფებოდა ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა და აღნიშნავდა კონტაქტს დაინფიცირებულ პირთან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ქალი პროფესიით ექიმია და ის ერთდროულად თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 19 პირი თვითიზოლაციაშია და მათი ბიოლოგიური ნიმუშები გამოსაკვლევად უკვე გაგზავნილია.
,,კორონავირუსის დადასტურების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო ეპიდემიოლოგიური მოკვლევა. პაციენტი არის თბილისში მცხოვრები მედიცინის მუშაკი და ჩამოვიდა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც აქვთ საკუთარი სახლი.
პაციენტმა გაიხსენა თითქმის ყველა კონტაქტი, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგები გასული არიან ეპიდკვლევაზე, კონტაქტების მოძიება-დადგენისა და საკვლევი მასალებისაღების მიზნით.
ამჟამინდელი მონაცემებით უკვე გამოვლენილია 19 კონტაქტი და ყველასთან აღებულია ნიმუშები. ეს არის როგორც ვიწრო ოჯახური, ასევე ნაკლებ ახლო ნათესაური და სამსახურებრივი კონტაქტები. ეპიდკვლევა გრძელდება.
ეს არ არის კახეთის შემთხვევა და ვირუსი არის თბილისიდან შემოტანილი. იმედი გვაქვს შიდა გავრცელებასთან არ გვექნება საქმე”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.