ახმეტაში კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სტუმრად მყოფ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებულ ქალს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა და აღნიშნავდა კონტაქტს დაინფიცირებულ პირთან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ქალი პროფესიით ექიმია და ის ერთდროულად თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს.
,,8 სექტემბერს თელავის ერთ–ერთი კლინიკიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის თელავის ლაბორატორიაში შემოვიდა საკვლევი მასალა. რადგან პაციენტს აღენიშნებოდა რესპირატორული სიმპტომები და ამავდროულად აღნიშნავდა კონტაქტს დადასტურებულ შემთხვევასთან. საჭიროდ ჩაითვალა ტესტირება ე.წ. ჯინქსპერტის მეთოდით და დაახლოებით 2 საათში აღნიშნული მეთოდით მიღებული იქნა დადებითი პასუხი”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი ინფორმაციით,, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტის შესწავლა. ადგილზე, სადაც ქალი იმყოფებოდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
,,შემთხვევაზე დაუყოვნებლივ დაიწყო ეპიდემიოლოგიური მოკვლევა და დადგინდა, რომ პაციენტი არის თბილისში მცხოვრები მედიცინის მუშაკი, რომელიც მუშაობს თბილისის რამდენიმე კლინიკაში. ის სტუმრად იმყოფებოდა ახმეტაში, სადაც აქვს საკუთარი სახლი. პაციენტმა გაიხსენა თითქმის ყველა კონტაქტი, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგები გასული არიან ეპიდკვლევაზე კონტაქტების მოძიებისა და საკვლევი მასალების აღების მიზნით. ამ დროისთვიოს გამოკვეთილია 19 კონტაქტი და ყველასგან აღებულია ნიმუშები. ეს არის როგორც ვიწრო ოჯახური, ასევე ნაკლებ ახლო ნათესაური და სამსახურებრივი კონტაქტები. ეპიდკვლევა გრძელდება”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვირუსის გამო კახეთში დღეიდან კვლავ ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი.