ეპიდემიოლოგებმა ახმეტაში დაინფიცირებული ქალის 19 კონტაქტი გამოავლინეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სტუმრად მყოფ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებულ ქალს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა და აღნიშნავდა კონტაქტს დაინფიცირებულ პირთან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალი პროფესიით ექიმია და ის ერთდროულად თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს.
მისივე ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 19 პირი, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან.
,,აღნიშნულ შემთხვევაზე დაუყოვნებლივ დაიწყო ეპიდემიოლოგიური მოკვლევა. პაციენტი არის თბილისში მცხოვრები მედიცინის მუშაკი და ჩამოვიდა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც აქვთ საკუთარი სახლი.
პაციენტმა გაიხსენა თითქმის ყველა კონტაქტი, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგები გასული არიან ეპიდკვლევაზე, კონტაქტების მოძიება-დადგენისა და საკვლევი მასალებისაღების მიზნით. ამჟამინდელი მონაცემებით უკვე გამოვლენილია 19 კონტაქტი და ყველასთან აღებულია ნიმუშები. ეს არის როგორც ვიწრო ოჯახური კონტაქტები, ასევე ნაკლებ ახლო ნათესაური და სამსახურებრივი კონტაქტები. ეპიდკვლევა გრძელდება”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.