გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, (ყველაწმინდა) საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც ორი ერთნაირი ზომის, რვაწახნაგა გუმბათი ადგას. ის აშენებულია VIII-IX საუკუნეებში.
ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ტაძარი გეგმით სამნავიანი ბაზილიკაა და დაგვირგვინებულია ორი გუმბათით. ტაძარს მინიჭებული აქვს ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
არქიტექტურული თავისებურება
VII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ხელოვნების ისტორიაში დაიწყო განვითარების ახალი საფეხური, რომელიც X საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. მას გარდამავალი ხანის ხელოვნება უწოდეს.
ეს პერიოდი ხასიათდება სტილისტური მრავალფეროვნებითა და ამ მრავალფეროვნებით გამოწვეული თავისებურებებით, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად უნიკალურ ნიმუშებს გვაძლევს. გარდამავალ ხანაში ირღვევა არქიტექტურის კლასიკური ფორმები და იწყება ახალი გზების ძიება.
ხშირად ერთმანეთს ერწყმის ორი სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ტიპი. ამგვარი მოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში გურჯაანის ყველაწმინდაა. შიდა სივრცის გადაწყვეტის მიხედვით, ის სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს, თანაც ტაძარს ერთის ნაცვლად ორი რვაწახნაგა გუმბათი ადგას, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს სხვა ქართული ძეგლებისაგან.
ისტორია
გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით, კახთუბნის ხეობაში მდებარეობს. წერილობითი წყაროები ტაძრის აგების შესახებ არ მოგვეპოვება, თუმცა სტილისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, გურჯაანის ყველაწმინდა ჯერ კიდევ თამარ მეფის დროიდან ენისელ მოურავთა მფლობელობაში ყოფილა, ხოლო XVII საუკუნიდან თავად ჯანო ანდრონიკაშვილის სამფლობელოს წარმოადგენდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თავად ნოდარ ჯორჯაძეს გადაეცა, რომლის სახელსაც უკავშირდება ტაძრის ძირეული რესტავრაცია და გადაკეთება XVII საუკუნეშივე. ის უმთავრესად შეეხო აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალურ დეკორატიულ თაღს, ასევე გამაგრდა დასავლეთ გუმბათის ყელი, კარნიზი და გადახურვა. სავარაუდოდ, ამ პერიოდშივე უნდა დაფარულიყო ტაძრის კედლები ფერწერით. ჩვენთვის უცნობია აქ არსებული მოხატულობანი.
ტაძრის მომდევნო რეკონსტრუქცია 1938 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა წარმართა. გაიწმინდა ტაძრის დასავლეთ ნაწილი მიწის საფარისაგან და გამოჩნდა პატრონიკესაკენ მიმავალი კიბის მცირე ნაშთები. ამ სამუშაოების დროს შეიცვალა სამხრეთ ფასადის თავდაპირველი სახე, ამოშენდა ოთხი დიდი ღიობი და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის აღმოსავლეთი ღიობი. გამაგრდა და შეკეთდა რიგი არქიტექტურული ელემენტები, რის გამოც ზოგიერთმა დეტალმა თავდაპირველი ფორმა დაკარგა. ამ სამუშაოების დროს ტაძრის სამხრეთ ფასადთან, რამდენიმე ნაბიჯში გაიხსნა საიდუმლო ოთახი, რომელიც გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით.