ახალი ამბები

2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტებს საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები შემუშავებული არ ჰქონდათ – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 2022-2023 წლების მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მუნიციპალიტეტებს შემუშავებული და დამტკიცებული საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები დამტკიცებული არ აქვთ.

აუდიტის ანგარიშში გაანალიზებულია, თუ რამდენად არსებობს შესაბამისი წინაპირობები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტებში საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმების არქონის მიზეზი ის არის, რომ ყოვლისმომცველი სამართლებრივი ჩარჩო შემუშავებული არ არის, რომელიც განსაზღვრავს EWS-ის დაინტერესებული მხარეების როლებს, პასუხისმგებლობებსა და ურთიერთობებს, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას EWS-ის ფუნქციონირებაში.

დასკვნის თანახმად, კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებისთვის დაწესებული მოთხოვნები სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აჩენს, რის გამოც მუნიციპალიტეტებისათვის ბუნდოვანია მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. ეს კი უარყოფითად აისახება EWS-ის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

“საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“, საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტებს, დაევალათ 2018 წლის 31 დეკემბრამდე საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმების შემუშავება და დამტკიცება. საქართველოს მუნიციპალიტეტებს საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში არ შეუმუშავებიათ და დაუმტკიცებიათ.

შესაბამისად, არ არის შესრულებული მთავრობის დადგენილების მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მთავრობის ზემოთ მითითებული დადგენილების მოთხოვნა ძალაში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის რისკის მართვის გეგმის შემუშავებისთვის საჭირო გახდა მთავრობის მიერ მათზე შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირება. ზემოაღნიშნული დელეგირებები მუნიციპალიტეტებისთვის”, – წერია აუდიტის ეფექტიანობის ანგარიშში.