რა ღირს კილოგრამი გარეული ლოკოკინას ჩაბარება კახეთში
დაახლოებით 5 წლის წინ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა ველური ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტები.
ადრე მოსახლეობას 1 კილოგრამი ლოკოკინას შეგროვებაში 80 თეთრს უხდიდნენ, ამჟამად კი კილოგრამ გარეულ ლოკოკინას 1 ლარად იბარებენ. დღესდღეობით ლოკოკინას იბარებენ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სოფლებში.
ლოკოკინების შემგროვებელ კობა ცხადაძე აცხადებს, რომ საქართველოში ველური ლოკოკინა ყველგან არის, განსაკუთრებით ვაზზე, იმიტომაც ვეძახით ვაზის ლოკოკინას.
,,დილით რომ გამოხვიდეთ კახეთში, გადავსებულია ვაზები, ლოკოკინები ყლორტებსაც ჭამენ და ფოთლებსაც, გორის სოფლებში კი ბლომად მარცვლეულის ნათესები და ბაღებია, ცხადია, იქნება ლოკოკინა, აბა, რა. ხალხისგან ხშირად გამიგონია, გადაძოვეს ყველაფერი, ჩვენ თავად შეგიგროვებთ და გაგატანთ, ოღონდ წაიყვანეთო. შეგროვება ძნელი არ არის, გამთენიისას ლოკოკინა უამრავია ბაღ-ვენახებში, ზოგან იმდენად ბევრი, რომ ხალხს აწუხებენ, ბალახს უძოვენ. მისი შეგროვება ხდება დაახლოებით მარტის ბოლოდან სექტემბრამდე. შემდეგ ლოკოკინა, როგორც დათვი, საზამთროდ დასასვენებლად ემზადება, შეიკეტება ნიჟარაში და იძინებს”.

