საკუთრების უფლების მოპოვება და დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილების მოლოდინში (R)
მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონის გამო, წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემა სვანეთში ისევ გადაუჭრელი რჩება. კერძოდ, 2012 წლამდე მესტიაში განვითარებულმა მოვლენებმა, ადგილობრივი მოსახლეობა საგრძნობლად დააზარალა; მოსახლეობას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფომ მცირე კომპენსაციებით ან სრულიად უსასყიდლოდ იძულებით ჩამოართვა. იმ დროს შექმნილი კანონმდებლობის გამო კი, ადგილობრივები დღემდე ვერ ახერხებს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას.
თუმცა, მესტიელების და მთის რეგიონების პრობლემა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადაიჭრას _ საკანონმდებლო ორგანო კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, რაც მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას შესაძლებელს გახდის.
