მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირება
ხიდაშელს უკვე მზად აქვს საარჩევნო პროგრამა, სადაც გაწერილი ერთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი საქმიანობა. ირმა ინაშვილი კი ამბობს, რომ ის იქნება თითოეული საგარეჯოელის ხმა პარლამენტში და ხმამაღალი საარჩევნო დაპირებით არ გამოირჩევა.
მმართველი გუნდის კანდიდატი ხიდაშელი ამბობს, რომ ადგილობრივების ყველა პრობლემას ინიშნავს. ერთ-ერთი პირველი საქმე, რასაც ის დეპუტატის მანდატის მოპოვების შემთხვევაში გააკეთებს, არის, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე საგარეჯოს მაღალმთიანი სოფლებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების საკითხს დააყენებს. „მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები. სპეციკური ხასიათის პრობლემებიც შეგვხვდა. მაგალითად გომბორის ზონა, სადაც სოფლები მდებარეობს ზღვის დონიდან 900 მეტრზე მაღლა. მოსახლეობისაგან იყო თხოვნა, რომ თუ შესაძლებელია, ეს სოფლებიც გავიდეს მთის ზონაში და კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები მიენიჭოს მათ. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც მუშაობას დავიწყებ“, – აღნიშნავს გაზეთ „კახეთის ხმასთან“ საუბრისას თამარ ხიდაშელი. „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ის ხელს შეუწყობს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ხიდაშელი საგარეჯოელებს გარანტიას აძლევს, რომ 2016 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაგრძელდება ხელისუფლების მიერ დაწყებული ინტენსიური სამუშაოები და ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარზე მეტი გამოიყოფა მოსახლეობის ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად. სახელისუფლებო პარტიის წევრი საგარეჯოს რამდენიმე სოფლის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგების გარანტიასაც აძლევს. თავად ქალაქ საგარეჯოს უწყვეტი რეჟიმით წყლის მიწოდების დაპირებამ კი 2017 წელს გადაიწია.2016 წელს ხიდაშელი მასშტაბურ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პირობას დებს და აღნიშნავს, რომ მოასფალტდება სოფლების დუზაგრამისა და თულარის დამაკავშირებელი გზა და მოეწყობა სანიაღვრეები. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებული პუნქტისათვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებაზეც ამახვილებს ყურადღებას. რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას იმასაც ჰპირდება, რომ სახელმწიფო შემწეობა უსამართლოდ არ მოეხსნებათ.
,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ხმამაღალ წინასაარჩევნო დაპირებას არ გასცემს. ის აცხადებს, რომ ყველა სოფლის მოსახლეობას აქტიურად ხვდება, აწარმოებს ადგილობრივების პროგრამების აღწერას, რომლის შედეგების მიხედვით ის დაგეგმავს მთელი წლის მანძილზე განსახორციელებელ საქმიანობას. ინაშვილმა საგარეჯოს ყველა სოფელში შექმნა სათათბიროები, დეპუტატის საკონსულტაციო საბჭოები, სადაც გაწევრიანებულები არიან ადგილობრივები, რომლებიც პრიორიტეტულ საკითხებს თავად განსაზღვრავენ. „ჩემი მთავარი დაპირებს არის ის, რომ საგარეჯოს მოსახლეობას ეყოლება საიმედო დეპუტატი. საგარეჯოს მოსახლეობა არ იქნება მარტო. ამ ეტაპზე ქალაქ საგარეჯოსა და ასევე ყველა სოფლის აღწერა მიმდინარეობს და შედეგად უნდა გამოიკვეთოს, სად რა პრობლემაა. ჩვენ შევქმენით დეპუტატის საკონსულტაციო საბჭოები ე.წ. სათათბიროები და ყოველი სოფლის სათათბირო რა პრიორიტეტულ პრობლემასაც წამოწევს, ჩვენ, მოსახლეობა და დეპუტატი, ვიმოქმედებთ ერთად, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ვპირდები საგარეჯოს მოსახლეობას, რომ ისინი ამ პრობლემების გადაჭრის დროს მარტო არ იქნებიან. მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირებაა, რადგან მოსახლეობის მთავარი წუხილია, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის ხიდია ჩატეხილი. მე ვპირდები არა გაქცევას და დამალვას, არამედ გვერდით დგომას. სათათბიროებთან ერთად განვახორციელებთ საბიუჯეტო სახსრების მიზანმიმართული ხარჯვის კონტროლს. არაერთ სოფელში შემხვდა ფაქტი, რომ დაიხარჯა ეს ფული, გაითხარა არხი, მაგრამ წყალი არ არის. მე ვხედავ ნახევრად გაკეთებულ საქმეებს. ჩვენ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ნაგვის ყუთიც უნდა დაიდგას, ლამპიონიც უნდა დაიკიდოს. ამას ნამდვილად მოვახერხებთ, რომ სოფლის ცენტრი განათდეს ამ ერთი წლის განმავლობაში. ამას ვგულისხმობ ელემენტარულ დაპირებებში”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
,,პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის განსხვავებული სტილით წარმართვაზე საუბრობს და განმარტავს, რომ დღესდღეობით დაბეჭდილი პროგრამები მოსახლეობის ინტერესში არ შედის. “იცვლება დრო, ეპოქა, საარჩევნო კამპანიების სტილი. მე პიარის სპეციალისტი ვარ და არაერთი პოლიტიკოსისათვის თავად დამიწერია საარჩევნო პროგრამა. დღეს ის დრო აღარ არის, როდესაც მოსახლეობას დაბეჭდილი საარჩევნო პროგრამები სჭირდება. ჩვენ ამ პროგრამების შექმნის პრობლემა არ გვაქვს. დღეს არის პრობლემა, ენდო ადამიანს”, – აღნიშნავს ინაშვილი.
საგარეჯოელები სამელი წყლის, გზის, გარეგანათებისა და დასაქმების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობა საძოვრების გარეშეა დარჩენილი და ამ საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნას უყენებს მომავალ მაჟორიტარ დეპუტატს.
საგარეჯოს საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების სახელით მონაწილეობს სამი კანდიდატი: გიორგი დავითაია, ზურაბ ჯორბენაძე და მიხეილ ანდღულაძე, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ამიტომ, არც ინაშვილი და არც ხიდაშელი მას რეალურ კონკურენტად არ აღიქვამენ.