სტატიები

რა უნდა მოსთხოვოს ამომრჩეველმა მაჟორიტარ დეპუტატს და ადგილობრივ თვითმმართველობას

სპეციალისტების თქმით, მოქალაქეები ხშირად პრობლემების მოგვარების მოთხოვნით დეპუტატს შეცდომით მიმართავენ და მუნიციპა­ლიტეტის გამგეობის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოგვარებას სთხოვენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მოსახლეო­ბა დეპუტატს საუბნო გზების და სასმელი წყლის პრობლემის მო­გვარებას სთხოვს. სოფლელებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე შესაძლებელია, გამგეობას მიაკითხონ და, სანამ დეპუტატთან შეხვედრას მოახერხებენ, პრობლემის დროული მოგვარება მათგან მოითხოვონ.
იორმუღანლოელ ალხან გულიევს სასმელი წყალი სოფლის თავიდან მოაქვს. მისი თქმით, ახალმა დეპუ­ტატმა, უპირველესად, ამ საკითხის მოგვარებაზე უნდა დაიწყოს ზრუნვა. ,,დეპუტატს ვთხოვთ, პირველ რიგში წყლის პრობლემა მოაგვაროს. აქაუ­რების ნაწილს აქვს წყალი, მაგრამ სოფლის თავში არ არის. სასმელად ვარგისი წყალი ორ კილომეტრშია, ხელით გვიწევს მოტანა სახლამდე’’, – განაცხადა ალხან გულიევმა.
სოფლის მკვიდრი, სამან ჯალილოვი ამბობს, რომ სოფლის პრიორიტეტული საკი­თხები, რომელიც დროულად უნდა მოგვარდეს, შიდა საუბნო გზებისა და საძოვრების არარსებობაა, ამ საკითხის მოგვარე­ბაზე დეპუტატმა უნდა იფიქროს, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, აღნიშნული პრობლემის აღმოფხ­ვრას გამგეობას დღემდე უშედეგოდ სთხოვენ. ,,წვიმიანი ამინდების დროს ტალახდება და გადაადგილება გვიჭირს. საძოვრები კი, აღარ გვაქვს, საქონელი სად წავიყვანოთ? წინა დეპუტატი არ ზრუნავდა ჩვენზე, არც მოსულა შესახვედრად. დიდი ხანია ამ პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, მაგრამ არც გამგეობას ესმის ჩვენი”, – აცხადებს სამან ჯალილოვი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის მკვიდრის – ნა­დეჟდა ლოლაძის თქმით, მან არ იცის, რა ევალება და რა უნდა მოსთხოვოს დეპუტატს ან ადგილობრივ თვითმ­მართველობას. მისი აზრით, ორივე უწყებამ არსებული პრობლემების მოგვარებაზე ერთობლივად უნდა იზრუნოს. ,,არ მივსულვარ არავისთან. ჩვენი ხმები როცა სჭირდებათ, ხშირად მოდიან ხოლმე და გვკითხულობენ. ჩვენთან მოვიდა ერთხელ დეპუტა­ტობის კანდიდატი და გვითხრა, არაფერს დაგპირდებითო და მაგას რისი გაკეთება უნდა მოვთხოვოთ? გინდაც დაგვპირდეს, შეასრულებს? ჩვენი მომხედი არავინ არის. წინა დე­პუტატიც არჩევნების წინ ბევრ რამეს დაგვპირდა, მაგრამ მერე ერთხელ არ მოსულა და არ უკითხია, რა გიჭირთო. უიმედოდ ვართ, ამიტომ არჩევნებზე არ ვაპირებ წასვლას’’.
საქართველოს ახალგაზრდა იუ­რისტთა ასოციაციის თელავის ოფი­სის ხელმძღვანელი, მარეხ მგალო­ბლიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა თვითმმართველობისა და დეპუტატის უფლებებსა და მოვალეობებზე არ არის ინფორმირებული. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ადგილო­ბრივები დეპუტატს ისეთი საკითხის მოგვარებას სთხოვენ, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენციაა.  ,,დეპუტატი არის მოსახლეობის წარმომადგენელი პარლამენტში, იგი არის კანონმდებელი და მას უფლებები აქვს განსაზღვრული კანონმდებლობი­თა და პარლამენტის რეგლამენტით. მან უნდა მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც წაადგება თავის ამომრჩე­ველს. მისი ვალდებულებაა, შეხვდეს მოსახლეობას და მოუსმინოს მათ წი­ნადადებებს. ჩემი აზრით, მოსახლეობა ინფორმირებული არ არის, რა უნდა მოსთხოვოს მას და მათი დიდი ნაწილი ხშირად არასწორად მიდის ხოლმე დეპუტატთან. მასთან შეხვედრაზე მოქალაქეები მიდიან სოციალურ საკითხებზე, პირად პრობლემებზე, რომელიც არის სხვა სახელმწიფო ორ­განოს გადასაწყვეტი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მათ რეკომენდაცია გაუწიოს ბიურომ. ყოფილა შემთხვე­ვები, რომ შეშა არ აქვთ ან დახმარება შეუწყვიტეს და დეპუტატს მის მოგვა­რებას სთხოვენ’’,- განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა.