რას უნდა ჭამდეს ბავშვი ბაღში — სახელმწიფო ნორმა, შესყიდვები და რეალური მენიუ
რამდენი თანხა იხარჯება საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის კვებაზე და რამდენად შეესაბამება ყოველდღიური მენიუ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმებს? — „კახეთის ხმა“ კახეთის მუნიციპალიტეტებში ბავშვთა კვების საკითხით დაინტერესდა.
საქართველოში საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვება სპეციალური რეგულაციითაა განსაზღვრული. მთავრობის №487 დადგენილება ადგენს, რა საკვები ჯგუფები და რამდენი ულუფა უნდა მიიღოს ბავშვმა ასაკის მიხედვით. ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, რძე და რძის პროდუქტები, ასევე ცილოვანი საკვები — ხორცი, თევზი, კვერცხი ან პარკოსნები. №487 დადგენილება — საკანონმდებლო მაცნე
კახეთის მუნიციპალიტეტების 2026 წლის ბიუჯეტების მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ბავშვთა კვებაა. თუმცა მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო დოკუმენტებში კვებისთვის განკუთვნილი თანხები ერთნაირი ფორმით არ არის წარმოდგენილი, რაც მონაცემების პირდაპირ შედარებას ართულებს.
მაგალითად, ახმეტის მუნიციპალიტეტში ერთი ბავშვის კვებისთვის დღეში 6 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის 36 საბავშვო ბაღში 1 249 ბავშვია რეგისტრირებული, საშუალო ყოველდღიური დასწრება კი დაახლოებით 700 ბავშვია. კვებისთვის წლის განმავლობაში დაახლოებით 700 ათასი ლარია გათვალისწინებული.
თელავის მუნიციპალიტეტში 32 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2 095 აღსაზრდელია. 2026 წელს სკოლამდელი განათლების პროგრამისთვის მთლიანობაში 10.67 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. პროგრამა ბავშვთა კვებასაც მოიცავს, თუმცა საბიუჯეტო დოკუმენტში ერთ ბავშვზე კვების დღიური თანხა ცალკე მითითებული არ არის.
„კახეთის ხმის“ მიერ მოძიებული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემებით, თელავის ბაღებისთვის საკვები პროდუქტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების სავარაუდო ღირებულება ჯამურად დაახლოებით 1.33 მილიონი ლარია, გურჯაანში კი — დაახლოებით 1.16 მილიონი ლარი. შესყიდვები მოიცავს ხორცს, თევზს, რძის პროდუქტებს, ბურღულეულს, ხილს, ბოსტნეულსა და სხვა საკვებ პროდუქტებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტშიც სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება ბავშვთა კვებასა და კვებითი ნორმების დაცვას მოიცავს, თუმცა საბიუჯეტო პროგრამაში ერთ ბავშვზე დღიური კვების ღირებულება ცალკე გამოყოფილი არ არის.
ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა და საკვების შესყიდვები ჯერ კიდევ არ გვიჩვენებს მთავარს — რას იღებს ბავშვი რეალურად თეფშზე და რამდენად შეესაბამება ყოველდღიური მენიუ სახელმწიფო სტანდარტს.
ამ საკითხზე უფრო ადრეული კვლევებიც მიუთითებს. UNICEF-ისა და საქსტატის მიერ 2012–2013 წლებში ჩატარებულმა კვლევამ ქვეყნის 1 259 საჯარო საბავშვო ბაღი მოიცვა. იმ დროისთვის კახეთში გამოკითხული ბაღების მხოლოდ 27.3% მიუთითებდა, რომ ბავშვებს მარცვლეული ყოველდღიურად მიეწოდებოდათ, მაშინ როცა თბილისში ეს მაჩვენებელი 69.4% იყო. ეს მონაცემები დღევანდელ მდგომარეობას არ ასახავს, თუმცა გვიჩვენებს, რა ვითარება იყო სახელმწიფო სავალდებულო სტანდარტების შემოღებამდე.
2017 წელს სახელმწიფომ საბავშვო ბაღებისთვის კვების სავალდებულო სტანდარტები დაამტკიცა. 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარებულმა მონიტორინგმა კი აჩვენა, რომ წინა პერიოდთან შედარებით ჯანსაღი და დაბალანსებული კვების მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო, თუმცა სკოლამდელ დაწესებულებებში გამოწვევები კვლავ რჩებოდა.
სწორედ ამიტომ „კახეთის ხმა“ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში აგრძელებს მონაცემების შესწავლას — რა თანხა იხარჯება კვებაზე, რა პროდუქტებს ყიდულობენ ბაღებისთვის და რამდენად შეესაბამება რეალური მენიუ სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტს.

