ახალი ამბებისტატიები

რთველში დღიური სამუშაო 65–80 ლარად — კახეთში სეზონურ მუშახელს ეძებენ

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია და სოციალურ ქსელებში გახშირდა ყურძნის მკრეფავებისა და მზიდავების დასაქმების შესახებ განცხადებები. დღიური ანაზღაურება ძირითადად 65–80 ლარის ფარგლებში მერყეობს. ფერმერები ამბობენ, რომ საჭირო დროს მუშახელის პოვნა უჭირთ, სამუშაოს მაძიებლებისთვის კი რთველის რამდენიმე კვირა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაა.

„ყურძნის კრეფაზე დაგვჭირდება 16 კაცი ბრიგადა ამ დღეებში, ზილის გასავსებად, ათი დღის განმავლობაში. მკრეფავი — 65 ლარი, მზიდავი — 70 ლარი“, — ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ განცხადებაში. სხვა შეთავაზებაში მკრეფავის დღიური ანაზღაურება 70, მზიდავის კი 80 ლარია.

ჩუმლაყელი მცირე ფერმერი კობა დალაქიშვილი ამბობს, რომ მუშახელის ანაზღაურება იზრდება, თუმცა რთველის დროს საჭირო რაოდენობის ადამიანების მოძებნა მაინც რთულია.

„ჩვენთვის რთულია იმ მცირე შემოსავლიდან, რასაც ყურძნის ჩაბარებით ვიღებთ, დამხმარე მუშახელის ანაზღაურება გავზარდოთ, თუმცა სხვა გზა არ არის — მოსავალს დროულად დაბინავება სჭირდება. თანხა, რომელსაც ვიხდით, სულ იზრდება, მაგრამ საჭირო დროს მკრეფავებს მაინც ვერ ვშოულობთ“, — ამბობს დალაქიშვილი.

მისივე თქმით, რთველში დროებით სამუშაოდ კახეთში სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან. ჩუმლაყში სეზონური მუშები ზოგჯერ ოჯახებით ჩამოდიან, რამდენიმე კვირით სახლებს ქირაობენ და დღიურად მუშაობენ.

„დღეში დაახლოებით 80 ლარს იღებენ. როგორც ჩანს, უღირთ — მართალია, დიდი თანხა არ არის, მაგრამ უმუშევრობას სჯობს“, — ამბობს ფერმერი.

დროებითი დასაქმება დამატებითი შემოსავლის წყაროა ადგილობრივებისთვისაც.

„რთველში მკრეფავად მუშაობა ძალიან რთულია, თუმცა დამატებითი შემოსავალი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მირჩევნია, ეს მოკლე პერიოდი ფიზიკურად დავიტვირთო“, — უთხრა „კახეთის ხმას“ სამუშაოს მაძიებელმა.

რთველი კახეთში სეზონური დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია — რამდენიმე კვირის განმავლობაში სამუშაოზე მოთხოვნა ერთდროულად იზრდება როგორც ფერმერების, ისე დამატებითი შემოსავლის მაძიებლების მხრიდან.

ფოტოზე: რთველი, კახეთის ხმის არქივი