სტატიები

დაპირისპირება საარჩევნო უბნებთან და არასამთავრობოების მიერ გამოვლენილი სერიოზული დარღვევები

საგარეჯოში ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში დაიწყო. სიტუაცია დღის პირველ საათზე დაიძაბა, როდესაც სოფელ გიორგიწმინდაში ერთმანეთს “პატრიოტთა ალიანსისა”და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ერთამანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაციის გამწვავება გამოიწვია საარჩევნო უბნის შესასვლელთან სოფელში გამგებლის წარმომადგენლის გიორგი ჭიაბერაშვილის გამოჩენამ, რომელიც ირმა ინაშვილის მტკიცებით, მმართველი კოალიციის კანდიდატის აგიტაციას ეწეოდა. 
“საარჩევნო უბანთან იდგა სოფლის რწმუნებული და ამომრჩეველს ეუბნებოდა, რომ ხმა არ მისცეთ რუსების აგენტს ირმა ინაშვილს და მხარი დაუჭირეთ თამარ ხიდაშელსო. ჩემმა წარმომადგენელმა თარხან გასვიანმა მას სთხოვა, რომ შეეწყვიტა ჩემი დისკრედიტაცია. მან კი თარხანს შეურაცხყოფა მიაყენა”, – განუცხადა Knews.ge-ს ინაშვილმა. 
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა კი გიორგიწმინდაში მომხდარ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა კონკურენტს დააკისრა და დღის განმავლობაში საჯაროდ რამდენჯერმე მოუწოდა ირმა ინაშვილს, შეეჩერებინა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე „ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მხარდამჭერების თარეში“. 
,,ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მე-20 უბანზე ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მიცვივდნენ საარჩევნო უბანთან, სცადეს სიტუაციის დაძაბვა, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა”, – განაცახადა ხიდაშელმა. 
ინციდენტი სოფელ იორმუღანლოს 42-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოხდა. პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, თარხან გასვიანის განცხადებით, ქართული ოცნების მხარდამჭერები, მოჭიდავეები და სამართალდამცავები მას და პარტიის სხვა აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გასვიანის მტკიცებით, მისი ცემის ორგანიზატორი მმართველი პარტიის კანდიდატის, თამარ ხიდაშელის მეუღლე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ბესარიონ აბაშიძე იყო. ხიდაშელმა კი განაცხადა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში მისი მეუღლის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. 
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებამდე ირმა ინაშვილის შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა თევდორაძემ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მე-7, მე- 20, 21-ე და 31-ე საარჩევნო უბნებზე, სადაც ირმა ინაშვილი აშკარა უპირატესობით ლიდერობდა, კოალიციის წარმომადგენლები ამომრჩევლებს 20 და 50 ლარს ურიგებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები მან ვერ წარმოადგინა. თავის მხრივ ხიდაშელმა მისი წარმომადგენელბის მხრიდან მოქალაქეების მოსყიდვის ფაქტი გამორიცხა. 
საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დიახურა. ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი იყო უჯარმის მე-13 საარჩევნო უბანი, რომელზეც მიბმული იყო მუხროვანის სამხედრო ნაწილის სპეცუბანი. საარჩევნო უბანზე სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სპეცუბანზე გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი იყო არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობაზე. მთელი ღამის განმავლობაში ირმა ინაშვილი მხარდამჭერებთან ერთად საარჩევნო უბანთან მობილიზებული იყო. საარჩევნო კომისიამ მუშაობა გვიან ღამის 3 საათსა და 15 წუთზე დაასრულა. კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ზედმეტი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, რაზეც შესაბამისი ახსნა-განმარტება დაიწერა. ასევე გავრცელდა ვარაუდი, რომ ერთ-ერთ კონვერტში ორი ბიულეტენი იყო მოთავსებული. სამართლიანი არჩევნები კი არ ადასტურებს აღნიშნული ფაქტის ნამდვილობას, რადგან მთვლელების მიერ კონვერტების გახსნის და ბიულეტენების ამოღების პროცესში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „სამართლიანი არჩევნები“ სპეცუბნის შედეგების გაბათილებასა და ბიულეტენების გადათვლას ითხოვს. ორგანიაციამ საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი საჩივრით უკვე მიმართა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი მუხროვანის სპეცუბნის გარდა, N2, N45 და N47 საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის აუცილებლობაზე საუბრობს. საიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული უბნების მონაცემების მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება გაცემული ბიულეტენების რაოდენობას. 
ირმა ინაშვილი კი არჩევნების შედეგებს არ ენდობა და ხელისუფლებას პერმანენტული საპროტესტო აქციებით ემუქრება. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი მასშტაბურ მანიფესტაციას 8 ნოემბერს აანონსებს.