სოფელ ველისციხეში 63 პირის კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფელში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგების მიერ აღებული და შესაბამის დაწესებულებაში გაგზავნილია ინფიცირებულებთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის ბიოლოგიური ნიმუში, რომლის პასუხებიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
,,სოფელი ველისციხე ისევ არის ცხელი წერტილი. აქ შვიდ პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. ეპიდემიოლოგები სოფელში აქტიურად მუშაობენ. გუშინ ველისციხიდან 63 ნიმუში იქნა გაგზავნილი თბილისში საკვლევად და დღეს ველოდებით პასუხებს. ამის მიხედვით ვიმსჯელებთ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს პრევენციისთვის”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანსა და ლაგოდეხში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამჟამად კახეთშია სამი კლასტერია – ლაგოდეხის, ველისციხის და მატნის.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის 12 შემთხვევა სოფელ მატანში, 5 ლაგოდეხში, 7 კი ველისციხეში გამოვლინდა.
დაინფიცირებული პირებიდან ერთი ორსული და ხუთი მცირეწლოვანია.
ავტორი: მაკა ხაზიური