ახალი ამბები

,,მირგველა”- განსხვავებული სტილით ნაგები სასტუმრო და კაფე თუშეთში

თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე საოჯახო სასტუმრო ,,მირგველა” 2013 წლიდან ფუნქციონირებს.
სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სასტუმრო ,,მირგველა” მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე.
მათივე თქმით, სასტუმროს ლოკაცია მეტად ხელსაყრელ ადგილზეა, იგი მდებარეობს გომეწარისა და პირიქითი ალაზნის ხეობებისკენ მიმავალი სამანქანო და საფეხმავლო გზების შესაყარ-გასაყარზე, სოფელ კესელოდან(ზემო ომალო) 3,5 კილომეტრზე.
,,მისი მდებარეობა ვიზიტორს აძლევს სასუალებას მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული დრო თუშეთის სილამაზის გასაცნობად. სასტუმროს ეზოდან და ასევე ფანჯრებიდან იხსნება ულამაზესი ხედი ევროპის უმაღლეს დასახლებულ პუნქტზე სოფელ ბოჭორნაზე და საერთოდ კი გომეწრის ხეობაზე, კესელოს ციხეზე, ხახაბოს მთაზე და პირიქითის ქედზე. სასტუმროს ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე არის შესანიშანავი საკემპინგე ადგილი.
ჩვენი სასტუმროდან ეწყობა საცხენოსნო, საფეხმავალო და ავტოტურები როგორც თუშეთში შიგნით ასევე მის გარეთაც ნებისმიერი მიმართულებით”, – აცხადებენ სასტუმროს ადმინისტრაციაში. 

სულ ცოტა ხნის წინ კაფესა და საოჯახო სასტუმრო USAID/Zrda-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტის დახმარებითა და მფლობელის ფინანსური თანამონაწილეობით, მოხდა „მირგველასთვის“ სრულიად ახალი აღჭურვილობის, სარეცხის მანქანის, ეზოსა და სააბაზანოს ავეჯი შეძენა, რომელიც სტუმრებისათვის მეტი კომფორტის შექმნას ემსახურება.