თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გუშინ მდინარე სტორის ადიდების შედეგად გზის ნაწილი დაინგრა. სტიქიამ ასევე დააზიანა მიმდებარე ტერიტორიები, მოგლეჯილია ხეები.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ დროისთვის ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
მისივე თქმით, შექმნილია საგანგებო შტაბიც, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
,,10 მაისს, მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა თუშეთთან დამაკავშირებელი ფშაველი -აბანო – ომალოს საავტომობილო გზა. თითქმის მთლიანად დაზიანდა მე – 9 კმ-დან 27-ე კმ-ის ჩათვლით გზა. გზის ამ მონაკვეთებში არსებულ ყველა ხევში ჩამოტანილია დიდი მოცულობის ნაშალი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ გაჩერებულა და აგრძელებს გზის გაწმენდა – აღდგენით სამუშაოებს, როგორც აბანოს უღელტეხილის მიმართულებით ისე უღელტეხილის იქით -თუშეთის მხარეს 56-57-60 კმ-ზე. ამ ეტაპზე გზის გაწმენდა- აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გზის მე-14 კმ- ზე”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.