ახალი ამბებისტატიები

კახეთის ყოველ მეორე სოფელს დაბინძურებული წყალი მიეწოდება- ინფოგრაფიკა

კახეთის რეგიონის ყოველ მეორე დასახლებაში – სოფლებსა და ქალაქებში  წყალი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია.

რეგიონის სხვადასხვა ადგილიდან ჭაბურღილებიდან, წყლის გამანაწილებელი სისტემის კვანძიდან, გამანაწილებელი ქსელიდან, რეზერვუარებიდან გამომავალი წყლის ქსელიდან აღებული 60 სინჯიდან, რომელიც  ლაბორატორიულად შემოწმდანახევარზე მეტ შემთხვევაში,  წყლის მიკრობიოლოგიურ, ფიზიკოქიმიური და ორგანოლეპტიკური დაბინძურების შემთხვევები დაფიქსირდა

სასმელი წყლის ხარისხზე კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობა წლებია საუბრობს. არის შემთხვევები, როცა წყალს ონკანზე მწერები და ტალახი მოსდევს. სოფელ მელაანის მცხოვრები ლამარა მაილაშვილი აცხადებს, რომ წყლის სისტემის მოუწესრიგებლობის გამო ყოველი წვიმის დროს ონკანზე ტალახიანი წყალი მოდის.

,,ყოველი წვიმის დროს ონკანზე ტალახიანი წყალი მოდის. დასალევად კი არა არაფრად არ ვარგა. ადრე იყო შემთხვევები, მწერებიც გამოყვა წყალს. რას ვსვა, როდის მოწმდება, როდის იქლორება და ხარისხიანი არის თუ არა, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. იმიტომ გახშირდა სხვადასხვა სახის დაავადებები. ამიტომ ჩემს  უბანთან ახლოს დაბურღული წყლით ვსარგებლობთ, თუმცა ისიც სუფთაა თუ არა, არ ვიცი’’,- განაცხადა ლამარა მაილაშვილმა.

მაილაშვილების ოჯახის მსგავსად  წყლის  დაბინძურებაზე  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშიც ჩივიან. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებით, ზაფხულში, წყალს ქვიშა მოსდევს და დასალევად უვარგისია.

,,წვიმიანი ამინდების დროს წყალქვიშა მოყვება და ტალახიანია. იმ წყალს როგორ დავლევთ. რომ ავიღებთ წყალს და დავდგა, ილექება მთელი ჭუჭყი და ქვიშა ძირზე. სოფელ მატანის მკვიდრთა აზრით, წყლის დაბინძურება სოფლად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ქალაქად.

knews.ge- ეს ინფორმაცია შესაბამის სტრუქტურებში გადაამოწმა. გაირკვა, რომ კახეთის რეგიონში  წყლის ხარისხის შემოწმებას ორი უწყება ახდენს: სურსათის ეროვნული სააგენტო და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, უწყება სასმელი წყლის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. ყოველწლიურად  იზრდება აღებული ნიმუშების რაოდენობა და კონტროლის მასშტაბი. სააგენტოს უფროსი, ზურა ჩეკურიშვილი განმარტავს, რომ ქალაქსა და რეგიონებში მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სახის დარღვევები ფიქსირდება, სიტუაცია წინა წლებთან შედარებით მაინც გამოსწორებულია.

მისივე თქმით, კახეთის რეგიონში და დაფიქსირებული დარღვევები წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის ბრალია. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სასმელი წყლის მიმწოდებელ პასუხისმგებელ კომპანიას / უწყებასა და, მათ შორის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, წერილობით ინფორმაცია ეგზავნებათ მათ მიერ გასატარებელი სავალდებულო ღონისძიებების შესახებ.

,, ადრეულ წლებში თუ რამდენიმე ათეული ნიმუშის აღება ხდებოდა, დღეს ეს უკვე რეგულარული გეგმის ნაწილია და წლიურად 500-ზე მეტი ნიმუშის შემოწმებას ითვალისწინებს. ტენდენცია ცალსახაა, გაუმჯობესებულია სიტუაცია დიდ ქალაქებში, თუმცა გამოწვევად რჩება მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება სოფლად. სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზით, შეუსაბამობის შემთხვევების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მოსახლეობის მომარაგება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან ხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს.

ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. წყლის ხარისხი განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული და პრემიერმინისტრის მიერ კონტროლზეა აყვანილი. სასმელ წყალთან დაკავშირებით, პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე რწმუნებულგუბერნატორის აპარატს და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებს ეგზავნება. უნდა აღინიშნოს, რომ წყლის კვლების დროს აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს’’,- განაცხადა ზურაბ ჩეკურიშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს კახეთის მუნიციპალიტეტებში აღებული წყლის 60 სინჯიდან, რომელიც სხვადასხვა სოფლებიდან, დაწესებულებებიდან და წყლის ქსელიდან იქნა აღებული, დაბინძურების 32 შემთხვევა  დაფიქსირდა.

„კახეთის ხმის“ ინფორმაციით, ძირითადი დარღვევები, რომელიც წყლის ხარისხთან მიმართებით იკვეთება, ეს არის ორგანოლეპიკური, მიკრობიოლოგიური და ქიმიური დარღვევები.

,,მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში იყალთოსა და წინანდალში წყლის კოლიფორმებით, მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა. სინჯების აღება მოხდა როგორც წყლის გამანაწილებელი ქსელიდან, კონკრეტული ფიზიკური პირის საცხოვრებელი სახლის ქსელიდან და ადმინისტრაციული შენობის ეზოში არსებული ონკანიდან.

ამასთან  დარღვევები გამოვლინდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაკეთებული სინჯებიდან, – სოფელ მელაანსა და კარდენახში დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური დაბინძურების ფაქტი. გარდა ამისა, სიღნაღის სოფელ ქვემო ბოდბეში საჯარო სკოლის ეზოდან აღებული წყლის შემოწმებისას მიკრობიოლოგიური და ფიზიკოქიმიური დაბინძურების შემთხვევა დაფიქსირდა.

წყალში აღმოჩნდა სულფატები და კოლიფორმები. ორგანოლეპტოკური დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა ყვარელში,  სოფელ მთისძირის საჯარო  სკოლის ეზოდან აღებული წყლის შემოწმებისას. მიკრობიოლოგიური დაბინძურების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა ასევე სხვა მუნიციპალიტეტებშიც. კვლევა ჩატარდა შპს . ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევიტი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში’’,- განგვიმარტეს  სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ნინო ნაცვლიშვილის თქმით, კომპანია კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში მხოლოდ იმ აბონენტებთან და კონკრეტულ სოფლებში მუშაობს, სადაც კომპანიაა პასუხისმგებელი წყლის მიწოდებასა და ხარისხზე. კომპანიას კახეთის რეგიონში 8 სერვის ცენტრი აქვს განთავსებული.

კომპანიას ყველა სერვისცენტრში  აქვს  სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის  ლაბორატორია , სადაც  ყოველდღიურად ტარდება ანალიზი.

წყლის ხარისხის კვლევა  ორგანოლეპრიკური მაჩვენებლების, ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების კუთხით მიმდინარეობს. ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებში შედის სუნის, გემოს, ფერის, ტემპერატურის, სიმკვრივის და გამჭვირვალობის კვლევა. ქიმიური მაჩვენებელია წყალბადის მაჩვენებლები, ელექტროგამტარობა, პერმანგანატული ჟანგბადობა, ნიტრატი, რკინა, სულფატები და სხვა.

2018 წელს ჩვენს მიერ სულ კახეთის რეგიონში 6 000 მდე ანალიზია გაკეთებული და არცერთგან მნიშვნელოვანი პრობლემა არ გამოვლენილა. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასმელი წყალი ექვემდებარებოდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

ყველა სერვისცენტრის მიერ მიმდინარეობს წყლის ქლორაცია. იმ შემთხვევაში, თუ სადმე მცირე დაზიანება, ან სხვა პრობლემა აღმოჩნდება, მიმდინარეობს დაზიანების აღდგენა, შეკეთება და ამ შემთხვევაშიც ხდება ანალიზების აღება, კონტროლი და გავცემთ რეკონედაციას, რომ სასმელი წყალი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და შემდეგ ხდება წყლის ქსელში გაშვება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ შემოწმებას  მუნიციპალიტეტეტის სოფლებში ვერ ახდენენ. შემოწმება მხოლოდ წყალმომარაგების სისტემაში შემავალ  გარკვეულ ტერიტორიებზე ხორციელდება.

მაგალითად, თელავში მხოლოდ ქალაქში ვმუშაობთ, დედოფლისწყაროში ქალაქთან ერთად გვაქვს 9 სოფელი, ლაგოდეხში 6 სოფელი, სიღნაღში სამი, დანარჩენ მუნიციპლიტეტებში სოფლები ჩვენთან არ შემოდის და მხოლოდ ქალაქში ვმუშაობთ’’,– განუცხადა knews.ge-ს ნინო ნაცვლიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს კახეთის რეგიონში წყალმომარაგების და წყალარინების 16 პროექტი განხორციელდება. უწყების ინფორმაციით, პროექტები განხორციელდება თელავის, სიღნაღის, ახმეტის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.

,,მიმდინარე წელს  წყალმომარაგების მოსაწესრიგებლად პროექტების განხორციელება იგეგმება. შედეგად მოსახლეობას მოეხსნება წყალთან დაკავშირებით პრობლემა და მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებას. საქართველოს რეგიონებში ჯამში იგეგმება 85 პროექტის განხორციელდება, რისთვისაც 282 მილიონი ლარი დაიხარჯება,- აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მანამდე, ვიდრე უწყებებს შორის შემოწმების მიღმა დარჩენილი ასობით სოფლის მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს სვამს, ჯანდაცვის საკითხი ღიაა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის წყლით დაავადების ფაქტები ბოლო 8 წელია არ დაფისირებულა.

კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ისინი წყლით დაავადებების კონტროლის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.

,,წყლით დაავადების ფაქტები რამდენიმე წელია არ გვქონია. დაახლოებით 8 წლის წინ თელავში ბათუმის ქუჩაზე და ყვარელში დაფიქსირდა სალმონელოზით დაავადების შემთხვევები, რომელიც მალე მოგვარდა. მას შემდეგ ასეთი ფაქტი აღარ გვქონია, რადგან წყლის სისტემაც მოწესრიგდა და კონტროლიც მუდმივად ხდება. იმ შემთხვევაში თუ რაიმე საშიშროებაა, წყლის მიმწოდებელ კომპანიასთანერთად მთლიან სისტემას მივყვებით და ვამოწმებთ. მოსახლეობას კი ვაწვდით ინფორმაციას არ დალიონ წყალი გადადუღების გარეშე’’,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

 

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

თელავის სოფლებს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება

„კახეთის ხმის“ 2011 წელს მომზადებული სტატია: