თელავის სოფლებს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება
ანალიზების მიხედვით,წყალი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს შეიცავს.კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ კი, შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში აცხადებენ, რომ ონკანზე მოსული წყლის დალევა აშინებთ. ადგილობრივების თქმით, ისინი სოფლების ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას არსებული ჭაბურღილიდან სასმელ წყალს ხელით ეზიდებიან. სოფელ შალაურის მკვიდრ ნუნუ დიასამიძის თქმით, დიდი ხანია მის ონკანზე დაქლორილი და სუფთა წყალი არ მოსულა, წყალს ხშირად ლამი მოყვება და შესაძლოა დაბინძურებულმა წყალმა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს. დიასამიძის თქმითვე, იმის გამო, რომ დაბინძურებული წყლის დალევა აშინებთ, სასმელად ვარგის წყალს შორი გზიდან ხელით ეზიდებიან.
,,დიდი ხანია წყალი არ დაქლორილა, რომ ყოფილიყო შევამჩნევდით. ხანდახან ქვიშა და ლამი მოჰყვება და აბა იმას როგორ დავლევთ. როცა დაიწმინდება იმ წყალს მხოლოდ სახმარად ვიყენებთ, დასალევად ვარგისს კი, ჭაბურღილიდან ხელით ვეზიდებით. კარგი იქნება, თუ დაიწყება სოფლებში წყლის დაქლორვა, რომლის დალევა უსაფრთხო იქნება და ბევრი პრობლემაც მოგვეხსნება,’’– განაცხადა ნუნუ დიასამიძემ.
შალაურის მკვიდრ მანანა ოსიაშვილის თქმით, ყოველი წვიმის მოსვლისას ონკანზე ჭუჭყიანი წყალი მოდის. მისი თქმით, ისინი წყლის დასუფთავებას ელოდებიან და მარაგს შემდეგ იღებენ. ოსიაშვილის თქმით, აუცილებელია ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს.
,,ონკანზე არ მოდის სუფთა წყალი,ლამიანია. როგორც კი წვიმა მოდის, იმღვრევა და ველოდებით, დაიწმინდოს და ისე ავიღოთ მარაგი. თუ არა და, ხელით ვეზიდებით სხვა უბნებიდან. ეს პრობლემა დიდი ხანია გვაქვს, ვთხოვთ, ვისაც შეუძლია, დაგვეხმაროს,’’– განაცხადა ოსიაშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ აუცილებელია წყალი, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება,24 საათის განმავლობაში იქლორებოდეს. გამგებელ ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, მათთვის აღნიშნული პრობლემის შესახებ ცნობილია, თუმცა, ადგილობრივ ბიუჯეტში არასაკმარისი თანხის გამო, სპეციალური ლაბორატორიისა და საქლორატოროების გაკეთებას ვერ ახერხებენ. გამგეობაში ასევე აცხადებენ, რომ იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობას წყალი დრენაჟიდან მიეწოდება, დაბინძურებულია.
,,წყალი რომ იყოს ნორმალური უნდა იქლორებოდეს 24 საათის განმავლობაში. წელიწაში რამდენჯერმე დაქლორვა ეფექტს არიძლევა. საქლორატოროები, რომლის მეშვეობითაც მუდმივად მოხდება დაქლორვა ჩვენ სოფლებში არ გვაქვს.
ზაფხულის პერიოდში, როცა ძალიან ცხელა, გვაქვს ქლორი, ვატანთ სოფელში ზეინკლებს, რომლებიც ხსნიან წყალში ჩვენ მიერ მითითებული დოზითდა ასხამენ ავზში, მაგრამ ეს არარის გამოსავალი.
ესარის ერთჯერადი სამუშაო და იმ სოფელში მხოლოდ იმ დღისით იქნება ნორმალური წყალი. ახლა ვარდისუბანსა და ნაფარეულში, სადაც წყლის ახალი სათავეები მოეწყო, გაკეთდა საქლორატოროები, მაგრამ ჯერ ვერ ვამუშავებთ, რადგან სჭირდება ელექტროენერგია, ასევე, იქ უნდა იყოს ლაბორატორია, რომელიც გაზომავს წყლის ხარისხსა და ქლორის რაოდენობას წყალში. ჯერჯერობით ჩვენი ძალებით ამ პრობლემის მოგვარებას ვერ მოვახერხებთ.
გვაქვს მოლაპარაკებები ინფრასტრუქტურის სამინისტროსთანდა როგორც გვითხრეს, აუცლილებელია, შეიქმნას ცალკე ააიპ ან შპს, რომელიც იქნება წყალმომარაგების კომპანიის მსგავსი და მოემსახურება მარტო ამ კუთხით სოფლებს. ამ შემთხვევაში კი, ალბათ, შესაძლებელი გახდება პრობლემების მოგვარება,’’– განაცხადა ალექსანდრე შათირიშვილმა.