დანგრევის პირას მყოფი უძველესი კულტურული ძეგლი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის
თელავის მერიაში აცხადებენ, რომ სახლის რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზადაა, რომლის შემუშავებაზეც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო სარემონტო სამუშაოების დასაწყებად კერძო მფლობელებს თავად მოუწევთ ფინანსური სახსრების მოძიება. ჭავჭავაძის ქუჩა N106-ში განთავსებული უძველესი საცხოვრებელი სახლი 1 საუკუნეზე მეტს ითვლის. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. სახლი, რომლის სიახლოვეს მდებარეობს თელავის მე-6 საჯარო სკოლა, დანგრევის პირასაა. მოსახლეობა მოსალოდნელ საშიშროებაზე საუბრობს და ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
„შენობა სავალალო მდგომარეობაშია. მოგეხსენებათ, რომ სახლის მოპირდაპირედ არის მე-6 საჯარო სკოლა და ამ ტერიტორიაზე ბავშვები, მასწავლებლები და მოქალაქეები დადიან. ნებისმიერ დროს არსებობს საშიშროება, რომ კედელი ჩამოინგრეს, აგური ჩამოვარდეს, დაეცეს ბავშვსა თუ სხვას და ტრაგედიით დასრულდეს. ‘’ – აცხადებს ბესიკ ებიტაშვილი.
საცხოვრებელ სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი და კედლები კი დაბზარულია. იმის გამო, რომ სახლის მეპატრონეებს მუდმივ საფრთხეში უწევდათ ცხოვრება, სახელმწიფომ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი დროებით უქირავა. ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ ხელისუფლებას დახმარებისათვის რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ისინი შენობის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
„კარგი იქნება, თუ ამ შენობას გაარემონტებენ. თუ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, კედელი, რომელიც მოზვავებულია და ფაქტობრივად ჰაერშია, ის მაინც მოხსნან. გვესმის, რომ კულტურული მემკვიდრეობაა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ამას ხომ არ უნდა შეეწიროს. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით საპატრულო პოლიციაში დავრეკეთ და ვიკითხეთ, ვისთვის უნდა მიგვემართა. მერიის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები მოვიდნენ, მხოლოდ ღობე გაუკეთეს, რომ აქ არავის არ გაევლო, მაგრამ უფრო დიდი საშიშროება შეიქმნა. ბავშვები დადიოდნენ ტრასაზე და არა ტროტუარზე. ის ღობე წაიღო ქარმა. მოგვიანმებით კედელი გადმოინგა ღამით. დღე რომ ყოფილიყო, ვინმეს სიცოცხლეს იმსხვერპლიდა“, – ამბობს ნონა დედაბრიშვილი.
თელავის მერიაში ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლი ჯერ კიდევ 2012 წლის 19 ივლისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. მერიის კულტურის სამსახურის უფროს ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში აღდგენითი სამუშაოები თელავის რეაბილიტაციის ფარგლებში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ხელისუფლება ისე შეიცვალა, რომ კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია არ განხორციელდა.
ყუშიტაშვილი მიუთითებს, რომ სახლის რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზადაა, რომლის შემუშავებაზეც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო სარემონტო სამუშაოების დასაწყებად კერძო მფლობელებს თავად მოუწევთ ფინანსური სახსრების მოძიება.