ბაკურციხეში ახალგაზრდა წყვილმა ნამჯის სახლი ააშენა
ახალგაზრდა წყვილს ნამჯის სახლის აშენება 6.000 ლარი დაუჯდათ. სახლის აშენების იდეის ავტორების განცხადებით, შენობის კედლები სუნთქავს, არ ლპება და არც ცეცხლი ეკიდება.
“პროფესიით ექიმი ვარ, მოწოდებით კი – გლეხი. ჩემი მეუღლე არქიტექტორია. საკუთარი ხელით ავაშენეთ ეკოლოგიურად სუფთა სახლი 4 თვეში და ერთი აქაური ბიჭი გვეხმარებოდა კიდევ. სახლის ფართობი 36 კვმ-ია, მეორე სართულზე 18 კვმ საძინებელი გვაქვს. სახლში ისე თბილა, რომ ამ ზამთარში მაისურით დავდივარ. ქარ-წვიმის ხმა არ შემოდის, რადგან სახურავზეც 30-სანტიმეტრიანი ნამჯისა და თიხის ნარევია დაფენილი. იატაკის დასაგებად ლერწამი გამოვიყენეთ. ახლა სახლში უკვე სველი წერტილებიც გვაქვს. სამშენებლოდ გამოყენებულია კირი, რომელიც 70 წლის შემდეგ ქვავდება. ცემენტი კი ამ დროის გასვლის შემდეგ იფშვნება. ასეთი სახლის კედლები სუნთქავს, არ ემუქრება სოკოვანი ნაჟღენთები, არ ლპება და ცეცხლიც არ ეკიდება. ინგლისში ასე აგებული შენობები 300-400 წელიწადს ძლებს”, – აცხადებს ჩაჩანიძე.
გაზეთ ,,კვირის პალიტრის” ჟურნალისტის ლალი ფაციას ინფორმაციით, თინა და დავითი აპირებენ, გააშენონ სანერგე მეურნეობა, სადაც ბოსტნეულისა და ხილის მოყვანას გეგმავენ.
,,გადავწყვიტეთ, ჯანმრთელი ცხოვრების წესით გვეცხოვრა და ქმედითი ნაბიჯებიც გადავდგით. სარწყავი წყალი არ არის, მაგრამ წყაროა ახლოს. თავდაპირველად სოფელში გაოცებული იყვნენ, ქალაქში აწყობილი ცხოვრება როგორ მიატოვეთ და აქ როგორ წამოხვედითო, ახლა მოდიან, ათვალიერებენ და მოსწონთ”.
ცოლ-ქმარი საკვირაო სკოლის გახსნას გეგმავს. ისინი ამბობენ, რომ ნამჯის სახლი მხოლოდ საცხოვრებელი არ იქნება და მალე ის სოფელში კულტურული კერა აპრილიდან გახდება. ახალგაზრდა წყვილი, ასევე, გეგმავს სოფელში ვიდეოთეკისა და ბიბლიოთეკის გახსნასა და კულტურული ღონისძიებების ხელისშეწყობას. ბაკურციხეში თინას და დავითის
ქართველი და უცხოელი მეგობრებიც ახლო მომავალში გეგმავენ ნამჯის სახლების აშენებას.
უფრო ვრცლად წაიკითხეთ:
http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/28263-bakurcikhel-qnifnifebsq-qmgeliq-veras-daaklebs-rogor-avashenoth-namjis-sakhli.html