ახალი ამბები

ლაგოდეხში ბიო მარწყვის პირველ მოსავალს თვის ბოლოს მიიღებენ

,,სათბურში მოგვყვავს ესპანური ჯიშის მარწყვი. პირველ ჯერზე თვის ბოლოსთვის ერთ ტონამდე მოსავალს ველოდებით. ახლა ვზრუნავთ პროდუქციის რეალიზაციაზე, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სუპერმარკეტების მფლობელებთან. თუ გაამართლებს, პროდუქტის წარმოებას გავზრდით. ხილი არ არის გენმოდიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთაა”, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი დარეჯანაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაგოდეხის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსის გელა ნატროშვილის განცხადებით, სათბურის აშენების დროს ფერმერს კონსულტაცია გაუწიეს და რჩევებიც მისცეს. 
,,ლაგოდეხში სოფელ ნინოგორში ფერმერმა საკუთარი ფინანსური სახსრებით ააშენა მარწყვის სათბური. ჩვენი ორგანიზაცია მას გვერდში უდგას შეძლებისდაგვარად და ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას, ვაძლევთ რეკომენდაციებს. იმ შემთხვევაში თუ სხვები გადაწყვეტენ მსგავსი ან სხვა სათბურის გაშენებას, ყველას შეუძლია მოგვმართოს დახმარების მიზნით. მარწყვის სათბურში ფერმერს დამონტაჟებული აქვს რწყვის წვეთოვანი სისტემა”, – განუცხადა Knews.ge-ს გელა ნატროშვილმა.