თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში გაჩენილი ხანძრის შედეგად რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ვენახები დაიწვა.
როგორც knews.ge-ს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა, თემურ გიგაურმა განუცხადა, ცეცხლის კერა დაახლოებით 15 საათზე გაჩნდა და 1 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.
მისივე ინფორმაციით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ვენახებში ცეცხლი მოსახლეობამ გვიან შენიშნა.
,,ხანძარი გაჩნდა დაახლოებით სამ საათზე. ცეცხლი ჯერ მოედო სოფლიდან მოშორებით მდებარე ვენახებთან არსებულ ბუჩქებსა და ხმელ ბალახს. შემდეგ ხანძარი სამ ვენახზე გავრცელდა. სახანძრო სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა ადგილზე ოპერატიულად მოვიდა თუმცა, ორი ვენახი მთლიანად დაიწვა, მესამე კი გადაარჩინეს. მოსახლეობამ ცეცხლი გვიან შენიშნა, თორემ ვენახების გადარჩენა შესაძლებელი იყო, რომ ყოფილიყო დროული რეგირება“, – განუცხადა knews,ge-ს თემურ გიგაურმა.
დღეს, კახეთში, ხანძრის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ცეცხლი გაჩნდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში და თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრე–მაშველებმა ხანძარი ორივე ნიციპალიტეტში დროულად ჩააქრეს. დღეს, კახეთში, 5 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა.
Read More