ახალი ამბები

ართანის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად აღჭურვილობას ცხენებით აიტანენ

როგორც knews.ge-ს ართანას ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლმა, ბესიკ გაიპარაშვილმა განუცხადა, კოხტას მთაზე ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო ტექნიკას და სასმელ წყალს ცხენებით აიტანენ.

მისივე ინფორმაციით, ხანძარი ისევ ვრცელდება, თუმცა დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გადადების საშიშროება არ არსებობს. 
„ამ ეტაპზე ცეცხლის ლოკალიზებაზე საუბარი ზედმეტია. მეხანძრე-მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუშალონ. სპეციალური ტექნიკა ხანძრის კერებთან ვერ მიგვაქვს, რადგან გზა მიუვალია. გადავწყვიტეთ, რომ კოხტას მთაზე საჭირო ტექნიკა ადგილობრივი მოსახლეობის ცხენებით გადავზიდოთ“,– განუცხადა knews.ge-ს ბესიკ გაიპარაშვილმა. 
აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან და ავიაციასთან ერთად შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელიც ჩაერთო. 
ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ თუთეში, სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტყის მასივშიც. თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზებას სავარაუდოდ დღის ბოლოს შეძლებენ. 
„სიტუაცია გაუმჯობესდა, რადგან ქარი აღარ არის. ჩვენ გუშინ შევძელით ის, რომ ცეცხლი უფრო მეტ ფართობზე აღარ ვრცელდება. ვფირობთ, რომ დღის ბოლოს ცეცხლი იქნება ლოკალიზებული“, – განუცხადა knews.ge-ს ლადო კახოიძემ. 
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია შილდაში, თუმცა ცეცხლის სრული ლიკვიდაციის მიზნით, მეხანძრე-მაშველები ამ ტერიტორიაზეც მუშაობენ. 
სოფელ ართანას, ხახაბოსა და შილდის ტყეებში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა სამივე ადგილას, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ტყეებში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კახეთში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობს. ორი დღის განმავლობაში, კახეთში, 90 ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა.