თუშეთში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკა სირაძის ინფორმაციით, უცნობია, მეხანძრე–მაშველები როდის შეძლებენ ხანძრის დარჩენილი კერების ლოკალიზებას. მისივე განცხადებით, სამუშაოების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელისშემშლელი ფაქტორი რთული რელიეფია, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახურის სპეციალური ტექნიკა მუშაობას ვერ ახერხებს.
,,აღნიშნულ ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად ხანძრის ლოკალიზებას, ასევე, ცდილობენ სატყეო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეებით დაკომპლექტებული ჯგუფები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 1 ვერტმფრენი. ადგილზე მუშაობს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი. ვერ გეტყვით რა პერიოდი დასჭირდება ხანძრის ლოკალიზებას“, – განაცხადა ნიკა სირაძემ.
ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ თუთეში, სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტყის მასივშიც. თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზებას სავარაუდოდ დღის ბოლოს შეძლებენ. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხანძარი ლოკალიზებულია შილდაში, თუმცა ცეცხლის სრული ლიკვიდაციის მიზნით, მეხანძრე-მაშველები ამ ტერიტორიაზეც მუშაობენ.
სოფელ ართანას, ხახაბოსა და შილდის ტყეებში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა სამივე ადგილას, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ტყეებში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კახეთში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობს. ორი დღის განმავლობაში, კახეთში, 90 ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა.