სოფელ შილდაში ფოთლოვანი ტყე იწვის
დღეს კახეთში ხანძრის უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ბაწკინტელას ქედზე, ფოთლოვანი ტყე იწვის. როგორც knews.ge-ს შილდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა ლევან ხუციშვილმა განუცხადა, ტყე მიუვალია, რის გამოც ხანძრის კერამდე სამაშველო ტექნიკის მისვლა შეუძლებელია. მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობას 10-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
„ბაწკინტელას ქედზე ცეცხლის კვამლი დილით შევნიშნეთ. რთული რელიეფია და ტექნიკა იქამდე ვერ მივა. მაშველები ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. დაახლოებით 10 მეხანძრეა. ამჟამად ვაგროვებ ხალხს რომ დილით გავგზავნო მაშველების დასახმარებლად, რადგან ბაწკინტელას ქედზე ასასვლელად დაახლოებით 5 საათია საჭირო. ეხლა რომ წავიდნენ, გზაში დაუღამდებათ და აზრი არ აქვს. კარგი იქნება თუ ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება“, – განუცხადა knews.ge-ს ლევან ხუციშვილმა.
პარალელურად ხანძარია თუშეთსა და ართანაში. აქაც ტყეები იწვის. მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო ბრიგადები.