სოფელ ხახაბოში 10 ჰექტარი ტყის მასივი იწვის
თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ წუთებში სოფელ ხახაბოში დაახლოებით 10 ჰექტარი ტყის მასივი იწვის. როგორც ლადო კახოიძემ knews.ge-ს განუცხადა, ხანძარი თანდათან ვრცელდება და ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება.
„ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ქარია და ცეცხლი კიდევ უფრო დიდ მანძილზე ვრცელდება. ველოდებით ვერტმფრენის ჩართვას ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში“, – განუცხადა knews.ge-ს ლადო კახოიძემ.
ხანძარია თელავის რაიონის სოფელ ართანის ტყეშიც. ცეცხლი კოხტას მთაზე ხეებს უკიდია. ხანძრსის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული. ართანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, ბესიკ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ბაწკინტელას ქედზე კი ფოთლოვანი ტყე იწვის. როგორც knews.ge-ს შილდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა ლევან ხუციშვილმა განუცხადა, ტყე მიუვალია, რის გამოც ხანძრის კერამდე სამაშველო ტექნიკის მისვლა შეუძლებელია. მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობას 10-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
დღეს კახეთში ხანძრის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთო ჯამში დღევანდელი ხანძრის 3 კერაზე 20 ჰექტრამდე ტყე იწვის. რეგიონში მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო ბრიგადები.