ბოლო 24 საათში კახეთში 90 ჰექტრამდე ტყე დაიწვა
გავრცელებული ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ ართანას ტყეში, კოხტას მთაზე ხანძარი დაახლოებით 70 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. როგორც Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განუცხადა, ხანძარმა ძირითადად ტყის მასივი მოიცვა. მისივე ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში სამი ვერტმფრენია ჩართული.
” ხანძარმა დაახლოებით 60-70 ჰექტარი ფართობი მოიცვა. 100-მდე მეხანძრე-მაშველი ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას, რადგან სპეციალური ტექნიკა სტიქიის ზონამდე ვერ მიდის. ვერტმფრენები აქტიურად არიან ჩართულები ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ხუთი კერაა’‘, – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
ხანძრის ლიკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ ტყის მასივშიც. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობეზე მძვინვარებს. როგორც knews.ge-ს კახეთის გუბერნატორმა განუცხადა, თუშეთში ხანძრის გავრცელებას ხელს უშლის ერთი ვერტმფრენი და 100 მეხანძრე-მაშველი. ირაკლი ქადაგიშვილი დასახლებულ პუნტებზე ხანძრის გავრცელებას გამორიცხავს.
„მეხანძრე-მაშველები როგორც თუშეთში, ისე ართანის ტყეში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხონ. სამუშაოებში ჩართული ოთხი ვერტმფრენი, სამი მუშაობს ართანაში, ერთი – თუშეთში. ყველა ღონისძიებას ვახორციელებთ, რათა ცეცხლი არ აგვრცელდეს. შილდაში კი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მეხანრე-მაშველები მუშაობენ, რომ ცეცხლი ჩააქრონ“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
სოფელ ართანას, ხახაბოსა და შილდის ტყეებში ხანძარი გუშინ გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა სამივე ადგილას, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ტყეებში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კახეთში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობს.