ახალი ამბები

რა თანხა იხარჯება და რა ეტაპზეა ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ბოლო ორი წელია, თელაველთა დასვენების ყველაზე პოპულარული ადგილი ნადიკვარის პარკი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება, მოუწყობელია პარკის ინფრასტრუქტურა, გადათხრილია გზა და მიმდინარეობს ხანგრძლივი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ადგილობრივების განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვეა პარკში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ძირითადად შეჩერებულია. მათივე თქმით, ირგვლივ ათხრილია ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები, აყრილია ფილები, დაზიანებულია არსებული ინფრასტრუქტურა. მოქალაქეები დაუსრულებელი სამუშაოების გამო უკმაყოფილებას არ მალავენ.

ადგილობრივების თქმით, თელავი და ნადიკვარი ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ახლაა, არ უნდა იყოს, რადგან ის მოქალაქეების თავშეყრის ადგილია.

“23 წლის მანძილზე თელავი და ნადიკვარი ასეთი ბინძური, ასეთი დანგრეული, ასეთი აბალახებული, ასეთი მოუვლელი არასდროს გვინახავს. ამდენი ხანია ეს სიტუაციაა და ეს დიდი სირცხვილია“– აცხადებენ ადგილობრივები.

თელავის მერიამ ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ იანვარში დაგეგმა და ბიუჯეტიდან თანხაც გამოყო. 2023 წლის 19 იანვარს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა knews.ge-ის განუცხადა, რომ პარკის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„ნადიკვრის სრული რეაბილიტაცია დაახლოებით ზაფხულის ბოლოს დასრულდება, გაკეთდება სცენა სრული გადახურვით. ასევე დახურული იქნება დასაჯდომი სივრცე. მოეწყობა ახალი განათებები, განთავსდება ახალი სკამები და ჩატარდება ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშოები. აღსანიშნავია, რომ განთავსდება ახალი ატრაქციონები ბავშვებისთვის და პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის“,- აცხადებდა ლევან ანდრიაშვილი.

რა ეტაპზეა ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები და რა თანხა დაიხარჯა ამისთვის 2022 და 2023 წლებში, ამაზე knews.ge-მ თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. უწყების მიერ მოწვდილი მცირე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წელს ნადიკვრის პარკში მიმდინარე სამუშაოებზე დაიხარჯა 125283,31 ლარი, ხოლო 2023 წელს- 1048674,23 ლარი.

,,2022 და 2023 წლებში ნადიკვარის პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოები. განხორციელდა ატრაქციონების, სან. კვანძის, განათების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების, საკაბელო არხების და კაბელების, ქვაფენილების, ბორდიურების და ბაზალტის ფილების რეაბილიტაცია, ამფითეატრის დემონტაჟი და ახალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები. ასევე, მოეწყო ახალი საბავშვო მოედანი (სასრიალოები). რაშიც 2022 წელს დაიხარჯა 125283,31 ლარი, 2023 წელს – 1048674,23 ლარი. მიმდინარეობს ამფითაეტრის გადახურვის, მაყურებელთა დასაჯდომი სივრცის და დამხმარე შენობის მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები. ასევე, ახალი საბავშო ატრაქციონების მონტაჟი”,- აღნიშნულია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწვდილ საჯარო ინფორმაციაში.

ნადიკვრის პარკში მიმდინარე და დაუსრულებელ სამუშაოებზე, რამდენიმე თვის წინ წერდა ასევე ,,ფლანგვის დეტექტორიც”. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ნადიკვრის პარკის სრული რეაბილიტაცია 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ ორჯერ გადაიწია და კვლავ დაუსრულებელია.

,,თელავის მერიამ 493,000 ლარი გადაიხადა პარკში ამფითეატრის გადახურვისა და ფანჩატურების მოწყობისთვის, თუმცა სამუშაოები ჯეროვნად არ შესრულებულა და ამფითეატრი კვლავ უფუნქციოა. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერებში შპს “ბერმუხამ” და შპს “პარამეტრმა” 2018-2022 წლებში უკონკურენტოდ გაიმარჯვეს. იმავე წლებში თელავის მერიამ ე.წ. ხევის მიმდებარე პარკის ნაწილის რეაბილიტაციაში 235,000 ლარი გადაიხადა. თუმცა აქედან ორ წელში 3,351,254 ლარის ღირებულების ახალი ტენდერი გამოაცხადა, რის შემდეგაც, 2019 წელს, რეაბილიტირებული ნაწილი ხელახლა გადათხარეს ახალი რეაბილიტაციისთვის. გამოდის, 235,000 ლარი ბიუჯეტიდან ამ შემთხვევაშიც ტყუილად გაიფლანგა”,– წერია გავრცელებულ განცხადებაში.

რა ვადებში დასრულდება დაწყებული პროცესი და მომავალი წლის ტურისტულ სეზონს როგორ შეხვდება ნადიკვრის პარკი, ჯერ უცნობია.

 

ნადიკვრის პარკის ჩავარდნილი სეზონი

ფლანგვის დეტექტორი- თელავში, ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციის ვადამ ორჯერ გადაიწია და კვლავ დაუსრულებელია

მოქალაქეები ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ