კოვიდის ახალი შტამი მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება
კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის ქვეშტამი, JN. 1 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ინტერესის ვარიანტად გამოაცხადა, რადგან ამ ქვეშტამით სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდება და სწრაფად ვრცელდება.
ქვეშტამი უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის ინდოეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.
ჯანმო აცხადებს, რომ ახალი ვარიანტი ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეებს არ ქმნის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები ამ ქვეშტამისგანაც გვიცავს.
თუმცა, ასევე, გვაფრთხილებენ, რომ ზამთარში კოვიდისა და სხვა ინფექციების მაჩვენებელი მაღალი იქნება.
ომიკრონი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში დომინანტი ვარიანტია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღრიცხავს ინტერესის ვარიანტებს, რომელიც ომიკრონს უკავშირდება — მათ შორის, JN.1-ს.
ეს ქვეშტამი სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციების 15-29 პროცენტი სწორედ ახალი ქვეშტამია.
დიდ ბრიტანეთში JN.1 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 7%-ია.
“მოსალოდნელია, რომ ამ ვარიანტმა შეიძლება გამოიწვიოს Sars-Cov-2 (კორონავირუსის) შემთხვევების ზრდა სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მატების ფონზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ახლა ზამთარია”, — ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.
ჯერჯერობით, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ქვევარიანტი უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. თუმცა, იმისთვის, რომ დადგინდეს, რა გავლენას ახდენს JN.1 ადამიანის ჯანმრთელობაზე, მეტი კვლევაა საჭირო.