რა განსხვავებაა გრიპს და გაციებას შორის – ბლოგი
გრიპისა და გაციების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, სწორედ ამიტომ, ადამიანებს მათი გარჩევა უჭირთ. ისინი ხშირად არასწორი მედიკამენტებით იწყებენ მკურნალობას და შედეგი არ აქვთ. პირველ რიგში დავიწყოთ გრიპის და გაციების შედარებით, რადგან ორივეს გამომწვევი მიზეზი ვირუსია.
გაციებისა და გრიპის სიმპტომები თითქმის ერთნაირია, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან სიმწვავითა და ხანგრძლივობით განსხვავდებიან. გაციებაც და გრიპიც საშუალოდ 7-10 დღის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა გრიპის სიმპტომები უფრო დიდხანს, 3-4 კვირას შენარჩუნდეს. გაციებისას ჩივილები უფრო ნაკლებად მწვავეა, ვიდრე გრიპისას. თვითშეგრძნების თვალსაზრისით, შეიძლება, ამ ორი დაავადების ერთმანეთისგან განსხვავება გაგიჭირდეს და სიმპტომებიც ინდივიდუალური ხასიათით გამოგივლინდეს.
გაციების სიმპტომები : გამოვლენა ეტაპობვრივი, სიცხე იშვიათი, ტკივილი მსუბუქი, შემცივნება იშვიათი, სურდო ხშირი, ყელის ტკივილი ხშირი, ხველა მსუბუქიდან მწვავემდე, თავის ტკივილი იშვიათი.
გრიპის სომპტომები: გამოვლენა მწვავე, სიცხე ხშირი, ტკივილი ხშირი, შემცივნება ხშირი, სისუსტე/დაღლილობა ხშირი, ცემინება ხანდახან, სურდო ხანდახან, ყელის ტკივილი ხანდახან, ხველა ხშირი, თავის ტკივილი ხშირი.
აღსანიშნავია, რომ გაციების დროს რაიმე სახის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მოსალოდნელი არ არის. ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს სინუსიტი, გამწვავდეს ასთმა, აღინიშნოს მეორადი ინფექციები, ხოლო გრიპის დროს სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც მოსალოდნელია. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ანთება), ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა), ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), სხვა თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი).
გაციების თავიდან არიდება შესაძლებელია ხელების ხშირი დაბანვით და გაციებული ადამიანისგან თავის არიდებით, რადგან მისი გამომწვევი საწინააღმდეგო ზუსტი მკურნალობა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ამჟამინდელი თერაპია მხოლოდ სიმპტომების მკურნალობისკენ არის მიმართული.
ხოლო გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალება ვაქცინაციაა.
საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრიდან იწყება და შესაბამისად, აცრები ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება. ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისთვის.
რეკომენდაცია თუ როგორ ავირიდოთ თავიდან გრიპი, თითქმის იგივეა, რაც გაციების შემთხვევაში_ მოერიდოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაიბანოთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით. ასევე, რაც შეიძლება ხშირად გაანიავოთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგოთ სველი წესით.