კახეთში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება
კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიa შეიქმნება.
კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, დაახლოებით 22 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა კვლევითი სამუშაოები.
,,სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა შეაფასა ბიომრავალფეროვნება, ლანდშაფტური თავისებურებები და სხვა მნიშვნელოვანი ბუნებრივი ფასეულობები. კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ საკვლევი ტერიტორიები სრულად აკმაყოფილებს რეგიონში ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის დაარსებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ცივგომბორის ქედზე მნიშვნელოვნად გააძლიერებს დაცული ტერიტორიების ქსელს.
კახეთის რეგიონი გამოირჩევა ბუნებრივი და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით. რეგიონში უკვე არსებული დაცული ტერიტორიები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს იზიდავს, რაც მათ კახეთის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებასა და მის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას. ამასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობები”.
ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

