ახალი ამბები

მომავალ წელს ყურძენი სხვა ფასი ეღირება – სააგენტო

„მომავალი წლის რთველზე გაჩნდება ახალი ფასი – ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად,” – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განაცხადა.

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ახალი რეგულაცია, მათ შორის, ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

„ღვინის გლობალურ ბაზარზე შედარებით იკლო მოხმარებამ; მსოფლიო მასშტაბით მძაფრი კონკურენცია და ჭარბწარმოებაა. ამიტომ ვფიქრობთ, ვენახების სპონტანური გაშენება, რაც ბოლო ათწლეულში აღინიშნებოდა, უნდა დარეგულირდეს.
აქცენტი უნდა გაკეთდეს საბოლოოდ მიღებული პროდუქტის, ღვინის ხარისხზე. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ჯიშით, საძირით – ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, რომელიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ღვინის დასამზადებლად.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე იმ უმაღლესი ხარისხის ღვინის წარდგენა, რომელიც იწარმოება უმაღლესი ხარისხის ყურძნისგან“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად, 2026 რთველის დროს მეტად გამახვილდება ყურადღება ყურძნის კონდიციურობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის რთველის დროს იყო ორი განსხვავებული ფასი, მაინც რჩებიან მევენახეები, რომლებიც ცდილობენ აქცენტი რაოდენობაზე გააკეთონ და არა კონდიციურობაზე და ხარისხზე. იყო შემთხვევები, როდესაც ბარდებოდა ძალიან დაბალკონდიციური ყურძენი, მაგალითად 15-16%, რომელიც სპირტის დასამზადებლადაც მიუღებელია. ამიტომ, მომავალ წელს გაჩნდება ახალი ფასი – ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად.
ყველა მევენახეს მინდა ვურჩიო და ვთხოვო, მაქსიმალური აქცენტი გააკეთონ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. საქართველოს პირობებში ადვილად მისაღწევია ყურძნის 17%-იანი შაქრიანობა“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.