საზოგადოებრივ სამუშაოებზე 33 000 სოციალურად დაუცველია დასაქმებული
2022 წელს ამოქმედებულ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2-3 წელში 200 000 ადამიანი უნდა დაესაქმებინა, ამ დროისთვის 33 000 მონაწილე ჰყავს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ ეტაპზე, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში სწორედ 33 000 ადამიანია დასაქმებული.
ამასთან, თამარ ბარკალაია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, დასაქმების სააგენტომ, ღია შრომის ბაზარზე კიდევ 19 000 სოციალურად დაუცველი დაასაქმა.
„შარშან, სააგენტოს მხარდაჭერით, დავასაქმეთ, 12 000 ადამიანი და აქედან, 8 000 იყო სოციალურად დაუცველი პირი. წელს, დაახლოებით, 14 000-მდე ადამიანია, წლის განმავლობაში და აქედან, 11 000 სწორედ სოციალურად დაუცველია. ანუ იზრდება მათი მხრიდან, ნდობა და მომართვიანობა.
პარალელურად, დასაქმების სააგენტო, მეტი ვაკანსიის მოზიდვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობს დამსაქმებლებთან და ამ ეტაპზე, დასაქმების სააგენტოში, 12 000-მდე ღია ვაკანსიაა. ამ ვაკანსიებს ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს, მხარდაჭერის სხვა სერვისებთან ერთად, როგორებიცაა: მოკლევადიანი მომზადება – გადამზადება, პროფესიული კონსულტაცია, კარიერის დაგეგმვა და ა.შ.“,- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წლის პირველი მარტიდან ხორციელდება და მასში ჩართული მოქალაქეების ხელფასი 300 ლარია. პროგრამაში ჩართულებს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდა. წელს კი, 20 000 სოციალურად დაუცველის დასაქმება იგეგმებოდა.
მზარდია პროგრამის დაფინანსება. 2024 წლის ბიუჯეტიდან პროგრამისთვის 102.7 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 22.7 მლნ ლარით მეტია.