ნოემბერში 600 ლარამდე ხელფასს დასაქმებულების 17.7% იღებდა – PMC
საქართველოში, 2023 წლის ნოემბერში, დასაქმებულთა 17.7%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო. PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 3.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
კვლევის მიხედვით, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შედარებით მაღალ ხელფასს იღებენ.
გასულ თვეში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასი 2 400 ლარი ან მეტი იყო, დასაქმებულების 23.2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ასევე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვეში იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს. მათი რიცხვი ნოემბერში დასაქმებულების 2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, 2023 წლის ნოემბერში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა წლიურად 3.9%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 855.4 ლარი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი 16.3%-ით (260.4 ლარი) გაიზარდა.