ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ნადიკვრის პარკის ჩავარდნილი სეზონი

თელაველთა დასვენების ყველაზე პოპულარული ადგილი ნადიკვარის პარკი 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონს გადათხრილი ხვდება.
ბოლო რამდენიმე თვეა პარკში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ძირითადად შეჩერებულია.

ირგვლივ ათხრილია ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები, აყრილია ფილები, დაზიანებულია არსებული ინფრასტრუქტურა. ხოლო მიწიდან ამოღებული საკომუნიკაციო კაბელები უსაფრთხოდ არ გამოიყურება. მოქალაქეები დაუსრულებელი სამუშაოების გამო უკმაყოფილებას არ მალავენ.

თელავის მერიამ ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ იანვარში დაგეგმა და ბიუჯეტიდან 2 758 521 ლარი გამოყო. 19 იანვარს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა knews.ge-ის განუცხადა, რომ პარკის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„ნადიკვრის სრული რეაბილიტაცია დაახლოებით ზაფხულის ბოლოს დასრულდება, გაკეთდება სცენა სრული გადახურვით. ასევე დახურული იქნება დასაჯდომი სივრცე. მოეწყობა ახალი განათებები, განთავსდება ახალი სკამები და ჩატარდება ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშოები. აღსანიშნავია, რომ განთავსდება ახალი ატრაქციონები ბავშვებისთვის და პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის“

ინფორმაციის გადასამოწმებლად მერიას მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ პარკში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, რა ვადებში დასრულდება დაწყებული პროცესი, ჯერ უცნობია.

შეჩრებული სამუშაოების გამო მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს. მათი თქმით, შეუძლებელია უსაფრთხოდ გადაადგილება და ნადიკვარით სარგებლობა.