ახალი ამბები

„საჭიროა დამცავი ბადეები, გვინადგურდება მოსავალი“ – მეწარმე

სეტყვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, აქტუალურია სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების საკითხი. კახეთში მცხოვრები ფერმერებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხია.

სტიქია კახეთის რეგიონს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. შედეგად კი, სტიქიისგან განადგურებული ვენახები, ბაღები და მოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობაა.

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოხმარების მაჩვენებელი კახეთში დაბალია, რისი ძირითადი მიზეზი მისი მაღალი ფასია. დათო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ვენახის ან ნაკვეთისთვის სეტყვის საწინააღმდეგო ბადის გაკეთება ძვირი ჯდება.
,,ერთი ჰექტრის გადაფარება 70 ათას ლარამდე ჯდება. მარტო ბადის თანხაზე არ არის საუბარი. აუცილებელია ბეტონის ბოძების, მავთულებისა და ბევრი წვრილმანის შეძენა. სისტემის სრული დამონტაჟება ძალიან ძვირია. ჩვენ, მევენახეებს უფრო მეტი ხელშეწყობა უნდა გვქონდეს თუნდაც დაფინასნების კუთხით რომ ამ მომსახურებით ვისარგებლოთ. გადავარჩინოთ მოსავალი და გვქონდეს კონკურენტუნარიანი პროდუქცია”.

,,ჩვეულებრივი რიგითი გლეხი ვერ შეწვდება ამხელა თანხებს. მესმის, რომ აუცილებელია და საჭიროა. ვიცი მჭირდება, რადგან მაქვს ხეხლილის ბაღიც და ვენახიც. წარმოუდგენლად დიდი თანხები ჯდება ეს მომსახურება. სხვა საკითხია ისიც რომ მხოლოდ 1 კომპანია აწარმოებს ბადეებს. ვერასდროს ვიღებ იმ მოსავალს რა შრომასაც ვდებ. ცალკე საკითხია თანხები რაც ვენახისა და ხეხილის ბაღის მოვლაში მეხარჯება”.

დარგის სპეციალისტები სტიქიური მოვლენების დროს სეტყვისგან დამცავი ბადეების აუცილებლობაზე საუბრობენ.
,,ბადეების მოწყობის კუთხით ფერმერების მხრიდან მზაობა არის, როგორც სურვილის, ისე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა 10%-იანი თანადაფინანსება ამის საშუალებას არ იძლევა“.

ქართულ ბაზარზე სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეები 2023 წელს გამოჩნდა.