UNICEF – საქართველოში ოჯახების 6%-ს არ გააჩნია ადეკვატური საშუალებები ხელის დასაბანად
საქართველოში შინამეურნეობების 6%-ს არ გააჩნია ადეკვატური საშუალებები ხელის დასაბანად წყლის, საპნის ან ხელის დასაბანი ფხვნილის უქონლობის გამო, – ამის შესახებ საუბარია მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევაში „მიქსი საქართველო 2018“, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გლობალური მიქსის პროგრამის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით 2018 წელს ჩაატარა.
სასმელი წყლის, სანიტარიასა და ჰიგიენის საკითხების კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ საქართველოში შინამეურნეობის წევრების 3%-ს არ აქვთ გაუმჯობესებული სასმელი წყლის მომსახურება, რომელიც მათ საცხოვრისში, ეზოში ან ნაკვეთში მდებარეობს ან მის შესაგროვებლად და მოსატანად არ სჭირდებათ 30 წუთზე მეტი დრო.
ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ შინამეურნეობების წევრების 92% იყენებს გაუმჯობესებულ სანიტარულ კვანძებს, რომელიც არ არის საზიარო სხვა შინამეურნეობებთან.
გარდა ამისა, კვლევაში წერია, რომ სოფელში მცხოვრები მოსახლეობის 3%-ს 1-დან 3 საათამდე სჭირდება დღეში წყლის მოსატანად. 7%-ისთვის ყოველდღიურად წყლის მოტანაზე დაახარჯული დრო შეადგენს 31 წუთიდან 1 საათამდე. ხოლო 83%-ს ამისთვის ნახევარ საათამდე დრო ეხარჯება.
რაც შეეხება წყლის მოტანაზე პასუხისმგებელ პირს, 43%-ის შემთხვევაში 15+ ასაკის ქალები არიან, ხოლო 52%-ის შემთხვევაში 15+ ასაკის მამაკაცები. დანარჩენი კი, 15 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებზე მოდის.