გომელაური პანკისში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს
რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, ჩვენი მოქალაქე დაშავდა. რა თქმა უნდა, შეცდომისკენ მივდივართ, – განაცხადა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, იზიარებს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადების პათოსს, რომ 21 აპრილს პანკისში შეცდომა იყო დაშვებული და პასუხისმგებლობა ყველა უწყებას ეკისრება.
გომელაურის თქმით, დაშვებული შეცდომების შესახებ შესაბამისი ანალიზი გაკეთდება.
„სად რა გაიპარა, ამის ანალიზს გავაკეთებთ. ამის შემდეგ ვიტყვით, რომ ვთქვათ – ეს იყო შეცდომა, ან არ იყო შეცდომა, ან ძალოვნების შეცდომა იყო, თუ ვისი შეცდომა იყო. აქედან გამომდინარე, გავაკეთებთ ანალიზს“, – აღნიშნა გომელაურმა.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივები და სამართალდამცველები ერთმანეთს რიგით მესამე ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების გამო დაუპირისპირდნენ. ვითარება ხეობაში განსაკუთრებით სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს შსს-ს მანქანები და სპეციალური ტექნიკა, ქვები დაუშინეს პოლიციელებს, რის გამოც სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შეტაკების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი და 17 მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი