ხვალ კახეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მარათონთან დაკავშირებით, ხვალ, კახეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
უწყებაში განმარტავენ, რომ ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, შეზღუდვა დაწესდება.
“ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე, მოძრაობა შეიზღუდება თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე.
სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე”, – აცხადებენ შსს-ში.
ხვალ საქართველო მსოფლიოსთან ერთად კვლავ ირბენს. ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება სათავეს აიღებს თელავი – ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრში, ლოპოტას ტბის გადასახვევ ნიშნულთან. საქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდება იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.