ევროპის ფონდის კვლევა -საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს გამოკითხულთა 71%
ევროპის ფონდმა „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“კვლევა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, საქართველოს 2,746 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის 46% არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოს ტრადიციებს საფრთხეს უქმნის, თუმცა, კვლევის ავტორების თქმით, საკმაოდ მაღალია მათი წილი, ვინც დაეთანხმა მას (42%).
კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს გამოკითხულთა 71%.
,,მოსახლეობა კვლავ სტაბილურად დადებითად და იმედიანადაა განწყობილი ევროინტეგრაციის მიმართ, თუმცა ეს მოლოდინები ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სიღრმისეული ცოდნით არ არის განპირობებული. მოსახლეობის 53% სურვილს გამოთქვამს, მეტი ინფორმაცია მიიღოს ევროკავშირის შესახებ.
გარდა ამისა, მოსახლეობა ევროკავშირს მოიაზრებს ქვეყნისთვის სასურველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად და მიუხედავად სხვადასხვა გაცნობიერებული რისკისა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას (71%).
ევროინტეგრაციის სურვილის უკან ძირითადად პრაგმატული მოტივები დგას: საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების (54%) და ქვეყნის უკეთ დაცულობის (21%), ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, იმედი (14%)”,- აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 42% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს“. დაახლოებით თანაბარია მათი წილიც, ვინც ამ დებულებას არ ეთანხმება (46%).
საქართველოს მოსახლეობის 66% კი თვლის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნეგატიურად (38%) ან ძალიან ნეგატიურად (28%) იმოქმედებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.
,,კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანას სჭირდება ის დახმარება, რასაც მას ევროკაშირი უწევს. მოსახლეობის 24% მიიჩნევს, რომ ყველაზე სასარგებლო დახმარება ევროკავშირის მხრიდან იქნებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, 22%-ის აზრით კი – ინვესტიციების ჩადება საქართველოს ეკონომიკაში.
ქართულენოვან მოსახლეობასთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა კვლავინდებურად ნაკლები იციან ევროკავშირის შესახებ და ამავდროულად, ნაკლებად უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას.
მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ კარგი მოქალაქისთვის „ძალიან მნიშვნელოვანია“ დაიცვას ტრადიციები (66%) და დაეხმაროს თავისზე უფრო გაჭირვებულ ადამიანებს (72%). მოსახლეობის 49% თვლის, რომ კარგი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გააკეთოს საზოგადოებისთვის საჭირო საქმე როგორც მოხალისემ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს მიაჩნია, რომ კარგი მოქალაქე კრიტიკული უნდა იყოს მთავრობის ან ოპოზიციის მიმართ და 20% ფიქრობს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღოს საპროტესტო აქციებში.
მოსახლეობის წილი, ვისაც მიაჩნია, რომ კარგი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციებში, 2009 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებულია”,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
გამოკითხვას ევროპის ფონდი 2009 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევა წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და მაქსიმალურად იდენტური კითხვარის გამოყენებით ტარდება.
მისი მიზანია დადგინდეს რამდენად იცვლება საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და მოლოდინები ევროკავშირის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.
წელს, ევროპის ფონდის გამოკითხვების ყველა ტალღა CRRC-საქართველომ ჩაატარა.