საბჭოთა რეჟიმის მიერ თელავში დახვრეტილი მიხეილ შამანაურის ისტორია
1920-30-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების რეპრესიებს თელავში ბევრი პატრიოტი შეეწირა.
მაშინ მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დამნაშავეებად და ქვეყნის მტრებად რაცხავდნენ, დასახვრეტთა სიაში შეყავდათ და თელავში, ,,პოლიტბიუროს” შენობაში და გიგოს გორაზე ხვრეტდნენ.
ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპული თელაველების ისტორიას წლებია სწავლობს.
იგი ამ მიმართულებით სხვადასხვა დოკუმენტაციას იძიებს და საერთო სურათის დასახატად იკვლევს ძველ საბუთებს, ფოტოებს და არქივიდან სხვადასხვა დოკუმენტებს, იმის გასაგებად, თუ რა გავლენა იქონია მაშინდელმა ტრაგიკულმა პერიოდმა ქვეყანასა და კონკრეტულად თელავსა და თელაველებზე.
ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, გამოჩენილი თელაველის, მიხეილ შამანაურის ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მას ბრალად წაუყენეს ანტისაკოლმეურნეო აგიტაცია და დახვრეტა მიესაჯა.
,,მე მაქვს დოკუმენტის ასლი. ის საქართველოდან გაგზავნილი საიდუმლო წერილია, რომელშიც ბერია წერს სტალინს, რომ 1 კატეგორიით აღრიცხვაზე არის 1419 ადამიანი, ხოლო მეორე კატეგორიით -1562. ბერია წერს, რომ შესაძელებლია მათი რაოდენობა გაიზარდოს. აღნიშნულ პირთა სია მოძიებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის, მკვლევარის ირაკლი ხვადაგიანის მიერ.
პირველ კატეგორიაში დახვრეტა მისჯილი პირები იყვნენ, მეორეში კი გადასახლებაში მყოფი. პირველ კატეგორიაში აღნიშნულ პირებს შორის იყო როგორც ჩანს იმ დროს თელავში საკმაოდ ცნობილი პიროვნება მიხეილ შამნანაური, რომელიც 1937 წელს იყო რეპრესირებული.
მას ბრალად წაუყენეს ანტისაკოლმეურნეო აგიტაცია და დახვრეტა მიუსაჯეს.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ შამანაური კარგად იცნობდა ვაჟა-ფშაველას და მის ოჯახს ხშირად სტუმრობდა და ადვილი მისახვედრია როგორი ადამიანი იქნებოდა ის”,- განაცხადა თენგიზ სიმაშვილმა.
მისი თქმით, საბჭოთა ხელისუფლება 1924 წელს ადგილზე ასამართლებდა პირებს და ხვრეტდა, 1937 წელს კი თბილისში მიყავდათ იქ ასამართლებდნენ. დახვრეტაც იქ მოტავდათ სისრულეში.