უნდა დაწესდეს თუ არა რეგიონებში ტურისტული მოსაკრებელი
დეცენტრალიზაციის 2019-2025 წლების სტრატეგიის პროექტი, თვითმმართველობების ფინანსური და ქონებრივი დამოუკიდებლობის გარდა, მოსაკრებლების შესახებ კანონის გადახედვას და მის დახვეწას ითვალისწინებს.
ექსპერტები და სპეციალისტები ამ მიმართულებით რეგიონებში შემოსავლების გასაზრდელად, ადგილზე ტურიზმის მოსაკრებლის შემოღებას ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიიჩნევენ.
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული მოსაკრებლის შემოღება თავად მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში გია ტოკლიკიშვილი განმარტავს, რომ დეცენტრალიზაციის დოკუმენტში ტურიზმის მოსაკრებელის შემოღების შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი, რადგან აღნიშნული საკითხი თავად თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს.
მისივე თქმით, ტურიზმის მოსაკრებლის შემოღება მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით შემოსავალს მოიტანს.
,,ტურიზმის მოსაკრებლის შემოღება დეცენტრალიზაციის სტრატეგიით გათვალისწილებული არ არის. დოკუმენტში წერია, რომ გადახედილი იქნება მოსაკრებლების საკითხი.
ზოგადად მოსაკრებლების შესახებ კანონი მოძველებულია და ტექნიკური თვალსაზრისითაც გადასახედია. შემდეგ შესაძლებელია თუნდაც ტურისტული მოსაკრებლების შემოღება, გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის სადაც ტურისტული ცენტრებია. ეს მათთვის მნიშვნელოვანია თვიღმმართველობებისთვის, ამაზე გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს’’,- განაცხადა გია ტოკლიკიშვილმა.
ტურისტული მოსაკრებლების შემოღების მნიშვნელობაზე საუბრობს ორგანიზაცია ,,ტურიზმის ინსტიტუტი” 2017 წელს ჩატარებულ კვლევაში.
ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში რეკომენდაციები შეიმუშავა, სადაც აღნიშნული მიმართულებით მოსაკრებლების შემოღების აუცილებლობაზე მთავრობას მიმართავს.
,,აუცილებელია, დაიწყოს მუშაობა ტურიზმის დარგისთვის სპეციფიური გადასახადების ან მოსაკრებლების განსაზღვრის და ადმინისტრირების მიმართულებით. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით შეიძლება იმგვარი გზების მოძიება, რაც უარყოფით გავლენას არ მოახდენს ტურისტთა ზრდის ტენდენციაზე და ამასთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის დაფინანსების წყაროსაც შექმნის.
მაგალითისათვის საქალაქო ან ტურისტული გადასახადის დაწესებით. ეს გადასახადები შეიძლება ადგილობრივ დონეზეც მიიმართოს და მუნიციპალური სერვისები გაძლიერდეს.
გარდა ამისა, საერთაშორისო გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესებაც შეიძლება საინტერესო იყოს საქართველოს რეალობისთვის, განსაკუთრებით მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, გარემოს დაცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით’’,- წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
მოსაკრებლის გადახდა ტურისტს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში მოგზაურობის დროს უწევს. ტურისტული გადასახადი ხშირად გაერთიანებულია თვითმფრინავის ბილეთის ან სასტუმროს გადასახადთან. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად იაპონიაში კი ტურისტულ გადასახადს ტურისტი ქვეყნის დატოვებისას იხდის.
აღნიშნულ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ თვითმმართველობების წარმომადგენლები. მათი თქმით, ამან შესაძლოა რეგიონებში ტურისტების რიცხვი შეამციროს.
,,ვფიქრობ ტურისტული მოსაკრებელის შემოღება ამ ეტაპზე არ იქნება გამართლებული. ბოლო პერიოდში ისედაც ფიქსირდება ტურისტული ნაკადის შემცირება და დამატებითი გადასახადის შემოღება ტურისტებისთვის შემაფერხებელი იქნება. მეორეს მხრივ კი ეს შესაძლოა თვითმმარველობისთვის კარგიც იყოს რადგან, ის თანხა რასაც ტურისტები გადაიხდიან, შევა ადგილობრივ ბიუჯეტში.
შემდეგ კი იმაზე უნდა ვიფიქროთ, რაში დავხარჯავთ შემოსულ თანხებს. ამ თანხით შეიძლება მოხდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მაგალითად ქუჩებში მოეწყოს წყლის დასალევი შადრევნები, საზოგადოერივი ტუალეტები და სხვა ინფრასტრუქტურა’’,- განუცხადა knews.ge-ს თელავის მერიის წარმომადგენელმა ვალერი გრემელაშვილმა.
საქართველოში ერთი ტურისტი, საშუალოდ, დღეში 88 დოლარს ხარჯავს. ამ დროისთვის კი, შენგენის ზონის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ტურისტული მოსაკრებელი 50 ევროა, საქართველოში არ მოქმედებს არც ტურისტული მოსაკრებელი და არც კონკრეტული თანხაა დაწესებული, რომელიც სასაზღვრო კონტროლის გავლისას სტუმარს თან უნდა ჰქონდეს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაზე უნდა იზრუნოს, თუმცა როგორც ექსპერტები განმარტავენ, სერვისი და ინფრასტრუქტურა ამისათვის ჯერ მზად არ არის.