ახალი ამბებივიდეორეპორტაჟითვითმმართველობასტატიები

რა შესაძლებლობებს მისცემს თვითმმართველობებს დეცენტრალიზაციის სტრატეგია

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თელავის, სიღნაღის, ყვარლის და ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს 2019-2015 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია გააცნეს.

შეხვედრაზე  „დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები“ რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნესის და სხვადასხვა დაინტერსებულ მხარეს შორის თანამშრომლობის მექანიზმებზე იმსჯელეს.

„კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხში გია ტოკლიკიშვილი, განმარტავს, რომ დოკუმენტი რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, რომელიც თვითმმართველობების ფინანსურ და ქონებრივ დამოუკიდებლობას უკავშირდება.

,,სტრატეგიის პროექტში რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა: ეს არის მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებების გაზრდა, მათი ფინანსური ავტონომია და ქონების გადაცემა, ანუ ის ყველაფერი რაც მათი უფლებამოსილებების განხორციელებას სჭირდება.

ასევე დოკუმენტში საუბარია მუნიციპალიტეტების მეტი გამჭვირვალობის, სანდოობის გაზრდის და მოქალაქეებისთვის უკეთესი სერვისების მიწოდების მიმართულებით.

ბუნებრივია ფინანსების ზრდა ნიშნავს მეტ განხორციელებულ პროექტს და ამ პროცესში მოქალაქეების ჩართულობა როგორც ბიუჯეტის დაგეგმის დროს, ასევე განხორციელების და მონიტორინგის კუთხით არის მნიშვნელოვანი’’,- განუცხადა knews.ge-ს გია ტოკლიკიშვილმა.

თვითმმართველობის ექსპერტი ასევე მუნიციპალიტეტების ფინანსური დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს. 

მისი თქმით, თვითმმართველობებისთვის ქონებრივი და ფინანსური დამოუკიდებლობის გარდა მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა მნიშვნელოვანია და ის ხელს შეუწყობს მეტი პროექტის განხორციელებას, გამჭვირვალობას და ეფექტურ მუშაობას.

,,თუ მუნიციპალიტეტებს ვაძლევთ დამატებით უფლებამოსილებებს, ბუნებრივია ისინი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ შესაბამისი ფინანსური რესურსით და იმ ქონებით რომელიც ამ უფლებამოსილების განხორციელებას ესაჭიროება.

ამიტომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებმა იცოდნენ რა რაოდენობის მიწას ფლობენ, ჰქონდეთ საკუთრებაში როგორც არასასოფლო მიწები, ისე საძოვრები. ეს მათ დაეხმარებათ უკეთესად დაგეგმონ თავისი საქმიანობა და ხელი შეუწყონ არამარტო თავის მუნიციპალიტეტში არამედ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პროცესს.

გარდა ამისა, დეცენტრალიზაცია ასევე ითვალისწინებს მართვის თანამედროე მოდელების დანერგვას და დახვეწას. ეს მოიცავს მაგალითად: დოკუმენტების ელექტრონულ ბრუნვას, ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის სისტემას, ბუღალტრული მართვის ელექტრონული სისტემას და სხვა. ეს თვითმმართველობას დაეხმარება მართვის შიდა პროცესების ოპტიმიზაცია მოახდინოს და უკეთესად მართოს საკუთარი საქმეები.

მეორეს მხრივ აუცილებელია მუნიციპალიტეტების მხრიდან მეტი ელექტრონული მომსახურების მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ესეც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა მათთვის, რადგან საკმაოდ მსხვილი მუნიციპალიტეტები გვაქვს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სოფელში მცხოვრებ ადამიანს ხელი მიუწვდებოდეს ადგილზე მიიღოს სხვადასხვა სერვისი’’,– განაცხადა გია ტოკლიკიშვილმა.

მისივე განმარტებით, დეცენტრალიზაციის დოკუმენტით გათვალისწინებულია მოსაკრებლების შესახებ კანონის გადახედვა.

მისივე თქმით, სამომავლოდ ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც ტურიზმის განვითარება ხდება, შესაძლებელია ტურიზმის მოსაკრებლის შემოღება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით შემოსავალს მოიტანს.

,,ტურიზმის მოსაკრებლის შემოღება,სტრატეგიით გათვალისწილებული არ არის. დოკუმენტში წერია, რომ გადახედილი იქნება მოსაკრებლების საკითხი. ზოგადად მოსაკრებლების შესახებ კანონი მოძველებულია და ტექნიკური თვალსაზრისითაც გადასახედია.

შემდეგ შესაძლებელია თუნდაც ტურისტული მოსაკრებლების შემოღება, გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის სადაც ტურისტული ცენტრებია.’’

ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესს და რეგიონებში ჩატარებულ საჯარო განხილვებს, სადაცმათ აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვთ, დადებითად აფასებენ.

მათი განმარტებით, აუცილებელია სტრატეგიის დახვეწა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

,,მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია შემუშავდა, მაგრამ დოკუმენტში არ არის კონკრტულად ჩაშლილი სხვადასხვა საკითხები და ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული სტრატეგია. მნიშვნელოვანია, რომ ხდება საჯარო შეხვედრები, რომ მოხდეს შემდგომში სხვადასხვა საკითხების გათვალისწინება.

დეცენტრალიზაცია არ ითვალიწინებს იმას, რომ მარტო ფურცელზე დავწეროთ რამე. თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს ფინანსური დეცენტრალიზაცია, რომ სოფელმა და თემმა თანხა თავად განკარგოს და პრობლემები მოაგვაროს თავისი შეხედულებისამებრ’’,-განუცხადა kNEWS.GE-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოადგილემ გია შაოშვილმა. 

,,თვითმმართველობები დიდი ხანია ითხოვენ დეცენტრალიზაციას და იმ კომპეტენციების გადაცემას, რომელიც ეხება ქონებრივ და ფინანსურ საკითხებს. ეს დაეხმარებათ მათ, რომ სრულფასოვნად იმუშავონ.

მნიშვნელოვანია ეს სტრატეგია, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა ექსპერტებთან ერთად. რეგიონებში ჩატარებული პრეზენტაციები კი ხელს უწყობს მეტ ინფორმირებას როგორც მოქალაქეების, ისე თვითმმართველობების. ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მხარე.

რაც მთავარია, დოკუმენტში მნიშვნელოვანი მიგნებების და კარგად არის დანახული ის საჭიროებები რაც მუნიციპალიტეტებშია’’,– განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა კამბურიამ.

ქონებრივი და ფინანსური დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი განმარტავს, რომ ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელება, რაც ეხება ჩართულობის გაზრდას, ფინანსურ და ქონებრივ დეცენტრალიზაციას და სხვა საკითხებს, ხელს შეუწყობს თვითმმართველობების განვითარებას.

,,სტრატეგიის დოკუმენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რომელიც ეხება თვითმმართველობის ფინანსურ გაძლიერებას. იქ ასევე მოყვანილია რამდენიმე სტრატეგიული ხედვა, რომელიც ეხება მოსაკრებლების გადახედვას, ქონების გადაცემას, საშემოსავლო გადასახადების მექანიზმების შემუშავებას და სხვა. ეს თუ განხორციელდა, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს თვითმმართველობების დამოუკიდებლობას.

ასევე საინტერესოა ჩართულობის მექანიზმების გაძლიერება. არსებული ფორმები, როგორიც არის მრჩეველთა საბჭოები, პეტიციები და სხვა, არ მუშაობ. ამიტომ მოსაფიქრებელია ისეთი ფორმები, რომელიც ჩართულობის გაზრდას შეუწყობს ხელს.’’

შეხვედრები ჩატარდა პროექტის: ,,საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების
ინიციატივა“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ
სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC),
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.

პროექტს
აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
პროექტის პარტნიორი იმერეთის მხარეში არის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო
საქართველო (LDA)