თუშეთში დაშავებული უცხოელი ტურისტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი
მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან გადმოვარდნილი 72 წლის მამაკაცი, რომელიც სლოვენიის მოქალაქეა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს აღენიშნებოდა მოტეხილობები. უწყების ინფორმაციითვე, დაშავებულ ტურისთან ერთად იმყოფებოდნენ საფრანგეთის ორი, ისრაელის ერთი და სლოვენიის ერთი მოქალაქე, რომლებიც დაშავებულს მეთვალყურეობას უწევდნენ.
,,შეტყობინების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ ომალოში განლაგებული სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მისვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის მაშველებმა დაშავებულის მდგომარეობა შეაფასეს.
ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი დისტანციის გამო, დაშავებულის ქვეითად გადმოყვანა შეუძლებელი იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა, თუმცა ველო-ტურში მყოფი ტურისტები სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდნენ, რის გამოც მათ კერძო ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს.
დაშავებული ტურისტი თელავის აეროპორტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
უღელტეხილზე დარჩენილი ტურისტები გზას უსაფრთხო ადგილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველების მეთავლყურეობის ქვეშ აგრძელებენ”,– აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.