ინტერვიუს მიცემის გამო, შეწყვეტილი სოციალური დახმარება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მალხაზ ქავთარაშვილი წლებია, რაც სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მიწურში ცხოვრობს. ქავთარაშვილების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური მიწურში მცხოვრებ ოჯახს სახლის მშენებლობის ნებართვას არ აძლევს. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტომ ახმეტის განყოფილებამ სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახს ყოველთვიური სოციალური დახმარებაც შეუწყვიტა.
დარაჯების ყოფილი ქოხი დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლისაა, იმდენად ვიწროა, რომ მალხაზ ქავთარაშვილსა და მის მეუღლეს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთ საწოლზე სძინავთ. ეზოში თამაშით პატარები სიღატაკეში ცხოვრებით გამოწვეული ტკივილის დავიწყებას ცდილობენ. თინათინი, მარგო და დიტო, თამაშის ნაცვლად, სხვა მოსწავლეების მსგავსად, გაკვეთილებს უნდა ესწრებოდნენ, მაგრამ ტანსაცმელი არ აქვთ და უკვე ერთი კვირაა, რაც სკოლაში არ დადიან. მხიარული დღეები იშვიათად აქვთ, თუმცა ბევრ რამეზე ოცნებობენ. ყოფილი სადარაჯო ქოხი, სადაც ისინი ცხოვრობენ, ბევრად განსხვავდება საოცნებო სახლისგან. ყველაზე მეტად წვიმის ეშინიათ, რადგან უხვი ნალექის დროს მათ მიწურში ისე წვიმს, როგორც გარეთ. წვიმას ოდნავ აკავებს გარედან ჩამოფარეჶბული ,,პალატკა”. ,,საშინელ პირობებში გვიწევს ცხოვრება. წვიმის დროს საწოლ ოთახში ხან ისე ასხამს წყალი, რომ ვეღარ ვაკავებთ. მგონი, რომ ცხოველები გაცილებით უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ჩვენ. კედელი რამდენჯერმე გავლესე, მაგრამ გალჶსილი თანდათან ინგრევა, ნახევრად მიწაშია”, – ამბობს მალხაზ ქავთარაშვილი.
სამი მცირეწლოვანი ბავშვის მამა სახლში არსებულ მუდმივ სინესტზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამის გამო ზამთარში მისმა შვილებმა რამდენჯერმე გადაიტანეს ფილტვების ანთება და ყოველთვიურად მკურნალობისთვის ახმეტის საავადმყოფოში დაჰყავს. მკურნალობის ხარჯებს მალხაზის ბიძაშვილი ფარავს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. სამი მცირეწლოვანი ბავშვის საკვები ძირითადად პური და ბოსტანში მოყვანილი ბოსტნეულია, თუმცა ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვებს მთელი დღე უშიშმშილიათ.
,,აქვე გვაქვს ბოსტანი, სადაც მოგვყვავს კარტოფილი, მწვანილი, მაგრამ ზამთარში არ არის. ხშირად ისე გასულა დღე, რომ ჩემი შვილებისათვის პურიც კი ვერ მომიტანია და მშივრებს დაუძინიათ. როდესაც სოციალური დახმარება გვქონდა, ისიც მე და ჩემს მეუღლეს წამლებსა და პურის ფულის საყიდლად არ გვყოფნიდა”, – აღნიშნავს მალხაზ ქავთარაშვილის მეუღლე ბელა მარგოშვილი.
ქავათარაშვილების მდგომრეობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური მიწურში მცხოვრებ ოჯახს სახლის მშენებლობის ნებართვას არ აძლევს. მალხაზი აღნიშნავს, რომ მიწურში ცხოვრების ფაქტი რომ შეიტყო მოსკოვში მცხოვრებმა მისმა ბიძაშვილმა, პატარა სახლის აშენებისათვის ფინანსური დახმარება გაუწია. ამ თანხით მალხაზმა დაიწო სახლის მშენებლობა, რამდენიმე კედელიც ამოაშენა, თუმცა მოლოდნელად მასთან მისულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა მშენენებლობის შეწყვეტა დაუყოვნებლივ მოსთხოვა. მშენებლობის შეწყვეტის მიზეზად ქავთარაშვილს ნებართვის გარეშე სამუშაოების დაწყება დაუსახელეს:
-,,როდესაც სახლის რაღაც ნაწილი ავაშენე, მოვიდნენ ზედამხეველობიდან და მითხრეს, რომ მშენებლობა უნდა შეაჩეროო. ისე დაიწყე მშენებლობა, რომ ამისი ნებართვა არ გქონდა და არც პროექტი არ გაქვს აღებულიო”.
მიწის ნაკვეთი, სადაც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოროთახიანი სახლის მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემს, 12 წელია, რაც მალხაზის მამის, ანზორ ქავთარაშვილის, საკუთრებაშია.
გამგეობის მიერ სახლის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის შემდეგ ანზორ ქავთარაშვილმა მიწის ნაკვეთს საკარმიდამო სტატუსი მიანიჭა, მაგრამ ბაიდაურმა მათი მოთხოვნა მშენებლობის გაგრძელების შესახებ მაინც არ დააკმაყოფილა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არც ყოფილი დარაჯების ქოხში სარემონტო სამუშაოების დაწყებაზე არ გასცა ნებართვა. მალხაზ ქავთარაშვილი ბექა ბაიდაურს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
,,ჩემი ახლობელი მუშაობს ახმეტის გამგეობაში. ერთ-ერთ თათბირზე ბაიდაურმა თქვა, რომ არ უნდა დავუშვათ საკობიანოს ტერიტორიაზე ქისტების დასახლებაო. თუ ერთმა ქისტმა მაინც მოინდომა მანდ ჩასახლება, ყველა აჰყვება და ქართველებს მოუწევთ აყრაო. თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, რომ ასე ილაპარაკოს. ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ, როგორც ფშავლები, ახმეტელები და სხვები”, – გვეუბნება მალხაზის მამა ანზორ ქავთარაშვილი.
ამ ფაქტის გახმაურებისა და ჟურნალისტებისათვის მიცემული ინტერვის გამო მეორე დღესვე ქავთარაშვილების ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილებამ ყოველთვიური საარსობო შემწეობა შეუწყვიტა.
,,მეორე დღეს სოციალური აგენტი იყო ჩვენთან. გვითხრა, რომ მაისიდან აღარ მოგვეცემოდა სოციალური დახმარება. მიზეზი არ უთქვამს. ის კი გვითხრა, რომ სარეიტინგო ქულებს დაითვლიან და ერთ თვეში გაგვაგებინებენ პასუხს. არ მესმის, თუ არ დაუთვლიათ სარეიტინგო ქულები, რატომ შეგვიწყვიტეს სოციალური დახმარება, იმის გამო, რომ ხმა ამოვიღე?” – აღნიშნავს მალხაზ ქავთარაშვილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური საუბრობს მალხაზ ქავთარაშვილის საკარმიდამო ნაკვეთში უნებართვოდ დაწყებულ მშენებლობაზე. ბაიდაური განმარტავს, რომ უკანონოდ უკვე აშენებულ ფართზე გამგეობას არ ჰქონდა სამშენებლო სამუშაოების დასრულების ნებართვის გაცემის უფლება.
სოციალურად დაუცველი ოჯახის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას კი, კატეგორიულად გამორიცხავს და მალხაზ ქავთარაშვილის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
,,როდესაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე, სახლი უკანონოდ უკვე იყო აშენებული. სრული უფლება მქონდა, რომ ეგ სახლი დამენგრევინებინა და, თუ არ დაანგრევდა, ჯარიმა გამომეწერა. სანამ ააშენებდა, მანმადე უნდა მოეთხოვა აშენების ნებართვა და საბუთებიც უნდა შემოეტანა. აშენებულ სახლზე რა ნებართვა უნდა მივცე? მე რა მოვიმოქმედო, თუ ამ ხალხს ფანტაზიის უნარი აქვს? რა შუაშია ეგ, რომ საკობიანოში მე ქისტების დასახლების წინააღმდეგი ვარ. ძალიან ბევრი ქისტია დასახლებული, როგორც საკობიანოს, ისე – ყვარელწყლის ტერიტორიაზე. კანონს ვერ დავარღვევ არც ქისტის და არც ქართველის გამო”, – აცხადებს ბექა ბაიდაური.
სახალხო დამცველის აპარატმა მიწურში მცხოვრები სამშვილიანი ოჯახის საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. მალზახ ქავთარაშვილი კი, არასამთავრობო ორგანიზაციებს პრობლემის მოგვარების მიზნით დახმარებას სთხოვს.